ბარსელონა ლევანდოვსკის კონტრაქტს შეუწყვეტს? გუნდში ამაზე ფიქრობენ
რობერტ ლევანდოვსკის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს. ავტორიტეტული გამოცემა GOAL კი იუწყება, რომ შესაძლოა „ბლაუგრანამ“ პოლონელ თავდამსხმელს კონტრაქტი გაუწყვიტოს.
წყაროს ცნობით, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენს ითამაშებს რობერტი. მის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ ლევანდოვსკი სეზონის განმავლობაში მატჩების 55%-ში 45 წუთზე ნაკლებს ითამაშებს, ბარსას ხელშეკრულების შეჩერების უფლება ექნება.
გასულ სეზონში, ვეტერანი თავდამსხმელი ეფექტური იყო და ლა ლიგის მოგება მეტწილად მისი დამსახურებაა, თუმცა მიმდინარე სეზონში გამორჩეულად ცუდი თამაშები ჰქონდა და გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს.
კატალონიურ გრანდში ფიქრობენ, რომ მისი ასეთი თამაში ის ხელფასი არ ღირს, რასაც მას უხდიან. აქედან გამომდინარე, „ბლაუგრანას“ თავისუფლად შეუძლია მოაწყოს ისე, რომ რობერტი არ ათამაშონ და კონტრაქტში ჩადებული პუნქტი აამოქმედონ.
ცნობისთვის, პოლონელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ასევე გეტყვით, 35 წლის თავდამსხმელი „ბარსელონას“ 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. დღემდე ბარსას მაისური 62-ჯერ მოირგო, 41 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.