სნეიდერი: “უსამართლობა იყო, რომ 2010 წელს ოქროს ბურთი მე ვერ მოვიგე“
უესლი სნეიდერისთვის 2010 წელი კარიერაში ყველაზე გამორჩეული იყო. ნიდერლანდელი ნახევარმცველი 2009 წელს „ინტერში“ გადავიდა, სადაც ტრიპლეტი მოიგო და ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი თავად იყო.
საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ, უესლიმ მსოფლიო ჩემპიონატზეც გაიბრწყინა, მაგრამ ნიდერლანდები ფინალში ესპანეთთან დამარცხდა.
ბევრი ვარაუდობდა, რომ ოქროს ბურთს სწორედ სნეიდერი მოიგებდა, მაგრამ მას ლიონელ მესიმ აჯობა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ყოფილმა ფეხბურთელმა ესპანურ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.
სნეიდერი:
„2010 წელს მცირე უსამართლობა იყო, რომ ოქროს ბურთი მე ვერ მოვიგე და მესიმ მოიგო. მიუხედავად ამისა, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ამის გამო იტირებს. ოქროს ბურთი პირადი ჯილდოა, ხოლო მე კოლექტიურ ტიტულებს ვანიჭებ უპირატესობას. ოქროს ბურთსა და ჩემპიონთა ლიგას შორის, რომ მქონდეს არჩევანი, აუცილებლად ჩემპიონთა ლიგის მოგებას ავირჩევდი.“
შეგახსენებთ, რომ უესლი სნეიდერმა საფეხბურთო კარიერა 2019 წელს „ალ გარაფაში“ დაასრულა. იქამდე კი „ნიცაში“, „გალათასარაიში“, „ინტერში“, „რეალში“ და „აიაქსში“ თამაშობდა.