91-ე წუთზე გაუშვეს, 94-ზე გაიტანეს | იუვემ მონცას მაგარი თამაში მოუგო
იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში, ტურინის „იუვენტუსი“ სტუმრად „მონცას“ დაუპირისპირდა. „ბიანკონერისა“ და „ბიანკოროსის“ ფეხბურთელებმა საოცარი ბოლო წუთები გვაჩუქეს და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ორი გოლი გავიდა.
„იუვენტუსს“ წინ გასვლის შანსი მე-11 წუთზე მიეცა, მაგრამ დუშან ვლაჰოვიჩმა პენალტი გააფუჭა. სერბი ფეხბურთელი დამატებაზე პირველი იყო, მაგრამ მიკელე დი გრეგორიომ საოცარი რეაქცია გამოავლინა და ურთულესი ბურთი აიღო. „იუვემ“ კუთხური მოიპოვა, რომლის შემდეგაც საკუთარი გუნდი თავური დარტყმით ადრიენ რაბიომ დააწინაურა.
მოპოვებული უპირატესობის შემდეგ, „ბებერმა ქალბატონმა“ აქცენტი დაცვაზე გააკეთა და ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ფიქრი. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდი 1:0-ს მოიგებდა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „მონცამ“ წონასწორობა აღადგინა.
მასპინძელთა მხრიდან თავი ვალენტინ კარბონიმ გამოიჩინა და სტადიონზე მყოფი გულშემატკივრები გაახარა. „მონცას“ ქომაგთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა. 94-ე წუთზე, ფედერიკო გატიმ „იუვე“ კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.
ტურინულმა გრანდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ალეგრის ბიჭები „ინტერს“ 1 ქულით უსწრებენ, მაგრამ „ნერაძურის“ მათზე 1 თამაშით ნაკლები აქვს გამართული.