7-გოლიანი თრილერი - მარსელმა აიაქსი დაამარცხა და ჯგუფში ჩატოვა
ევროპა ლიგის მე-5 ტურში „მარსელმა“ ამსტერდამის „აიაქსს“ უმასპინძლა და დრამატულ მატჩში 4:3 დაამარცხა.
გიორგი მიქაუტაძე ამჯერადაც თადარიგში დარჩა. ქართველი ფორვარდი ცვლილებაზეც არ შესულა. მისმა კონკურენტებმა კი გოლების გატანა შეძლეს.
პირველი ტაიმი ფრედ 2:2 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან გოლები ობამეიანგმა და მბემბამ გაიტანეს. „აიაქსიდან“ კი მიქაუტაძის კონკურენტმა ბრობიმ დუბლი გაიფორმა.
მეორე ნახევარი ობამეიანგის ულამაზესი მაკრატელა გოლით დაიწყო. 63-ე წუთზე კი „აიაქსს“ ბერგუისი გაუძევეს. კაცნაკლულმა „აიაქსმა“ ცვლილებაზე შესული აკპომის (მიქაუტაძის მეორე კონკურენტი) გოლით წონასწორობა აღადგინა.
ბრობის მესამეს გატანაც შეეძლო, თუმცა ხელსაყრელი სიტუაციიდან დარტყმა ვერ შეძლო.
მატჩის კულმინაცია მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ვიხილეთ, როცა ამსტერდამელთა მეკარემ რამაიმ გამოსვლისას შეცდომა დაუშვა, ბურთი ხელიდან გაუვარდა, შემდეგ კი პენალტი „აიკიდა“.
ობამეიანგმა ამჯერადაც ზუსტად დაარტყა და ჰეთ-თრიკი გაიფორმა.
5 ტურის შემდეგ, „მარსელი“ 11 ქულით პირველ ადგილზეა. „აიაქსი“ კი 2 ქულით ბოლო ადგილზეა და ევროპა ლიგას ემშვიდობება.