ბელინგემს ოპერაცია სჭირდება | ქირურგიული ჩარევა საჩქარო არაა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს, ჯუდ ბელინგემს მხარი აწუხებს და ოპერაცია სჭირდება. ინგლისელმა ნახევარმცველმა მხარი 5 ნოემბერს, „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩში დაიზიანა და The Athletic-ის ინფორმაციით, „სამეფო კლუბში“ თვლიან, რომ ქირურგიულმა ჩარევამ შესაძლოა, პრობლემა მოაგვაროს.
ბრიტანული გამოცემის მიხედვით, ამ მომენტისთვის, „ბლანკოსის“ პირველი ვარიანტი კონსერვატიული მკურნალობაა, ოპერაციის გარეშე. თუმცა, ჯუდს ადრე თუ გვიან, ქირურგიული ჩარევა აუცილებლად დასჭირდება და ოპერაციის თარიღი იმაზე იქნება დამოკიდებული, ბელინგემი ტკივილს როგორ გაუმკლავდება.
The Athletic-ი ექიმ სანტიაგო არაუსს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი ოპერაციის გამო, ბელინგემი მინიმუმ 2 თვეს გამოტოვებს. ამასთან, ასეთი ტრავმებისას, რეციდივის შანსი იზრდება და სრული გამოჯანმრთელობის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ ბელინგემი მიმდინარე სეზონში ფენომენალურად გამოიყურება და ლა ლიგის 12 შეხვედრაში მის ანგარიშზე 11 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 4 მატჩში 4 გოლი და 2 ასისტი გაიფორმა.