ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი, ლუქსემბურგის ფეხბურთელთა ნაკრები, ლუკ ჰოლცი
Aa Aa

რაში გამოიხატება ლუქსემბურგის პროგრესი | ანუ რა გუნდს ვხვდებით 1/2 ფინალში

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს პლეი-ოფში თამაშის კიდევ ერთი, რიგით მეორე შანსი აქვს და ამჯერადაც ყველაფერი ჩვენს სტადიონზე გადაწყდება. ფაქტია, რომ წილისყრასთან მაგრად დავმეგობრდით: შევუთანხმდით იმაზე, რომ ჩვენ გასაკეთებელს ვაკეთებთ და 1/2 ფინალის მასპინძლობის უფლებას თავად მოვიპოვებთ, ფინალის მასპინძლობას კი ის გვჩუქნის. მშვენიერია კომბინაციაა.

ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგთან დაპირისპირებაში უკეთეს გუნდად მიიჩნევა და შანსებიც მის სასარგებლოდ ფასდება, მაგრამ ეს იმ ტიპის მატჩია, რომელშიც ფავორიტის სტატუსი იმაზე გაცილებით დიდი წნეხია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.

ამ სტატიის მომზადებისას, საჭიროდ ჩავთვალე ლევან ყენიას დავკავშირებოდი - 2018-19 წლებში ლუქსემბურგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ „დუდელანჟში“ თამაშობდა. ლევანის შეფასებებს ქვემოთ უფრო ვრცლად წაგაკითხებთ, ახლა უბრალოდ, რაც თემამ მოიტანა, იმას მივხედოთ - წნეხის ამბავს.

„სახლისა და გულშემატკივრის უპირატესობა, ცხადია, მნიშვნელოვანია. ვისთანაც მილაპარაკია, ჩვენს სტადიონზე თამაში არავის სიამოვნებს, რადგან 3 ქულით წასვლა უჭირთ. მთავარია, ეს ფაქტორი საჩვენოდ გამოვიყენოთ და, პირიქით, წნეხად არ გადავაქციოთ.

ფეხბურთელობიდან კარგად მახსოვს: რამდენადაც დიდია მხარდაჭერა, იმდენად დიდ წნეხად შეიძლება, გადაიქცეს. კარგი იქნება, თუ მოვერიდებით სიტყვებს: „უნდა“, „უეჭველი“, „აუცილებლად“ და ა.შ.“, - მითხრა ამჟამად გერმანული „უერდინგენის“ 33 წლის მოთამაშე-მწვრთნელმა.

სტატიის მიზანია, ჩვენს მეტოქეზე ზოგადი წარმოდგენა შევიქმნათ და დაახლოებით ვიცოდეთ რა მდგომარეობაშია ლუქსემბურგული ფეხბურთი; აქვთ თუ არა პროგრესი და, თუ აქვთ, რაში გამოიხატება; როგორი სელექცია აქვთ; ნაკრების ზოგადი სახე; მწვრთნელის ფაქტორი; ფედერაციის მუშაობა და ა.შ.

საიდან სად?! - როგორ განვითარდა ლუქსემბურგის ნაკრები ისტორიულად

ლუქსემბურგის ნაკრებმა პირველი მატჩი 1911 წელს ჩაატარა და საფრანგეთთან 1:4 წააგო. 1920-1952 წლებში, ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ 6-ჯერ მიიღო მონაწილეობა, თუმცა ყველა ჯერზე პირველსავე ეტაპზე წააგო.

ზოგადად, დაარსებიდან თითქმის 1 საუკუნის განმავლობაში გუნდის გამარჯვება უიშვიათესი და, აქედან გამომდინარე, საზეიმო ამბავი იყო. როგორც, მაგალითად, 2008 წელს შვეიცარიასთან შესარჩევ ეტაპზე მოგებული შეხვედრა. შვეიცარიელებს იმ ციკლში მეტი თამაში აღარ წაუგიათ და მუნდიალზე პირველი ადგილით გავიდნენ. ასე რომ, შედეგი უდიდეს სენსაციად და ერთეულ შემთხვევად უნდა ჩავთვალოთ, რადგან იმ წლებში ლუქსემბურგელებს ვერაფრით უკეთეს გუნდს ვერ უწოდებდი, ვიდრე სან მარინოს, ანდორას, ფარერებს და ა.შ.

შემთხვევითობის არგუმენტად იმას მოვიყვანდი, რომ შვეიცარიასთან მოგება 2008 წლის სექტემბრით თარიღდება, მომდევნო მოგება კი - 2011 წლის თებერვლით (იგულისხმება ამხანაგური მატჩებიც). ლუქსემბურგული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული თარიღია 2017 წლის 3 სექტემბერი, როცა მათმა ნაკრებმა მომავალ მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთთან სტუმრად 0:0 ითამაშა. ფრანგებს ის მატჩი კრიტიკულად არაფერს უწყვეტდა, მაგრამ უმოტივაციოდ ნამდვილად არ იყვნენ.

თანდათან, ძლიერ ნაკრებებთან თანაბრად თამაში იშვიათობა აღარ იყო და, მაგალითად, 2022 წლის შესარჩევ ციკლში ლუკ ჰოლცის გუნდმა ჯერ ირლანდიას მოუგო, მომდევნო ტურში პორტუგალიასაც უგებდა, მაგრამ ბრძოლაში 1:3 დამარცხდა, რასაც აზერბაიჯანთან გამარჯვება მოჰყვა. სერბეთში 1:4 მარცხის შემდეგ, საკუთარ კედლებში გაცილებით დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და დუშან ვლაჰოვიჩის 68-ე წუთზე გატანილი გოლის გამო დარჩნენ უქულოდ. ბოლო ტურებში, პორტუგალიაში 0:5 განადგურება, აზერბაიჯანში 3:1-ის მოგება და ირლანდიასთან 0:3 მარცხი იყო.

შევაფასოთ: ჯგუფში, ირლანდიის მსგავსად, 9 ქულა მოაგროვეს, თუმცა მათ ურთიერთშეხვედრებში ჩამორჩნენ და ბოლოსწინა ადგილი დაიკავეს, მაგრამ ყველამ ნათლად დაინახა, რომ ლუქსემბურგის ნაკრები საჩუქარი აღარ იყო. ტოპ კლასის გუნდებთან დიდი ანგარიშით შეიძლებოდა, წაეგო, თუმცა დანარჩენ ნებისმიერ ნაკრებთან ბრძოლა და დადებითი შედეგის მიღწევა შეეძლო.

„ჩვენ სოფელი ვართ, სულ რაღაც 600-ათასიანი მოსახლეობით. მშვენივრად ვაცნობიერებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონები ვერასდროს გავხდებით, მაგრამ პროგრესი შეგვიძლია. ვფიქრობ, ბოლო წლებში ჩვენი გულშემატკივრები ხედავენ, რომ უკეთესი და უკეთესი გუნდი გვყავს“, - ამბობს ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პოლ ფილიპი.

„ევრო 2024“-ის შესარჩევ ეტაპზე ყველაფერი უკვე სტაბილურობაში გადაიზარდა. თუ არ ჩავთვლით პორტუგალიასთან ორივე მატჩში ასტრონომიული ანგარიშებით (0:6 და 0:9) განადგურებას, ლუქსემბურგელებმა დანარჩენი 8 თამაშიდან 5 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და ერთხელ დამარცხდნენ.

მნიშვნელოვანი სტატისტიკა: ლუქსემბურგმა „ევრო 2024“-ის შესარჩევში პორტუგალიასთან ორ მატჩში - 15, დანარჩენ 8 თამაშში კი 4 გოლი გაუშვა.

ამ სტატისტიკიდან ნათლად ჩანს, როგორი სტილის გუნდია ლუქსემბურგი. ლუკ ჰოლცმა წლების განმავლობაში კარგი დაცვა აშენა და ნელ-ნელა შედეგებსაც იღებს. თვალი გადავავლე იქაურ პრესასაც და არ გამკვირვებია, რომ თავიანთი ნაკრების მთავარ დამახასიათებელ ნიშნად კარგ დაცვის ხაზსა და კომპაქტურ და სისტემურად აგრესიულ თამაშს ასახელებენ.

რაც შეეხება ერთა ლიგას, მის პირველ, 2018-19 წლების გათამაშებაში ლუქსემბურგელებმა D ლიგის მე-2 ჯგუფში, ბელარუსის შემდეგ, მე-2 ადგილი დაიკავეს და C ლიგაში დაწინაურდნენ.

2020-21 წლების ერთა ლიგის C დივიზიონის 1-ელ ჯგუფში, „წითელი ლომი“ მონტენეგროსთან, აზერბაიჯანთან და კვიპროსთან ერთად მოხვდა. ლუკ ჰოლცის გუნდმა ბოლო ტურამდე პირველი ადგილისთვისა და, შესაბამისად, ჩვენსავით B დივიზიონში დაწინაურებისთვის იბრძოლა, მაგრამ მონტენეგრომ კვიპროსს მოუგო და პირველობა არ დათმო.

რიგით მე-3 ერთა ლიგაზე, თურქეთის, ფარერებისა და ლიეტუვის ჯგუფში თამაში მოუწიათ. თურქებმა 13 ქულა მოაგროვეს, ლუქსემბურგელებმა - 11, ფარერებმა - 8, ხოლო ლიეტუვამ - 1. აქ ასეთი სიტუაცია იყო: ბოლოსწინა, მე-5 ტურში, სტუმრად თურქეთთან 3-ჯერ იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა სამჯერვე გაათანაბრეს (ბოლო გოლი 87-ე წუთზე შეაგდეს). არადა, „წითელ ლომს“ ის მატჩი რომ მოეგო, უპირატესობა თურქებს დარჩებოდათ, მაგრამ პირველადგილოსნის ბედი ბოლო ტურში გადაწყდებოდა.

აბა, დავფიქრდეთ, არის თუ არა ასეთი შედეგები პროგრესის მანიშნებელი ნაკრებისთვის, რომელიც სულ რაღაც 10-12 წლის წინ ფიფა-ს რეიტინგის მეორე ასეულის ბოლოს ტრიალებდა და მსოფლიოს ერთ-ერთ უსუსტეს გუნდად სამართლიანად ითვლებოდა?! ცალსახაა, რომ არის!

ცალსახაა მთავარიც: ამ ციცქნა სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ფეხბურთში ფუნდამენტური რაღაცების სწორად კეთება დაიწყეს. აი, რას აკეთებენ სწორად და რაზე დგას ეს პროგრესი, ამაზე მომდევნო თავში ვილაპარაკოთ.

ყველაზე დიდი ფიგურა ლუქსემბურგული ფეხბურთის ისტორიაში? - ფედერაციის პრეზიდენტის ეფექტი

ყველა კარგად ვხვდებით, რომ ლუქსემბურგული ფეხბურთის პროგრესის განმაპირობებელი ერთი, ორი ან სამი ფაქტორი არაა და ეს კომპლექსური საკითხია: სისტემური, ძალიან შრომატევადი და უწყვეტი საფეხბურთო პროცესი, რომლის შექმნაც პოლ ფილიპის მმართველობაში მოსვლის პერიოდიდან დაიწყო.

ფილიპი ლუქსემბურგულ ფეხბურთში ყველა დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. 73 წლის ფუნქციონერმა კარიერის დიდი ნაწილი ბელგიურ კლუბებში - „უნიონ სენ-ჟილში“, ლიეჟის „სტანდარდსა“ და „შარლერუაში“ გაატარა, „ავენირ ბეჟენი“ კი მისი მშობლიური კლუბია, სადაც ფეხბურთის თამაში დაიწყო და იქვე დაამთავრა. ეროვნულ ნაკრებში 1968-82 წლებში თამაშობდა და 54 მატჩში 4 გოლი აქვს.

ოდნავ მოგვიანებით, 1985 წლიდან „წითელი ლომის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა და 2001 წლამდე იმუშავა. 2004 წლიდან, უკვე 19 წელია, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს და თუკი პროგრესზე ვსაუბრობთ, ყველაფერი მის სახელთანაა ასოცირებული და სრულიად სამართლიანადაც.

ლუქსემბურგულ ფეხბურთს მასზე დიდხანს მოქმედი პრეზიდენტი მხოლოდ ერთი ჰყავდა: გუსტავ ჟაკმარტი, რომელიც ფედერაციას 29 წლის განმავლობაში, 1921-1950 წლებში ხელმძღვანელობდა. ფილიპს, რომელიც მომავალ წელს პრეზიდენტობის 20 წელს დახურავს, ალბათ, ჟაკმარტის საპრეზიდენტო ვადის რეკორდის მოხსნა გაუჭირდება, მაგრამ არ მგონია, ლუქსემბურგში მოიძებნებოდეს ფეხბურთის გულშემატკივარი, ვისაც ეს ფაქტი არ გაუხარდებოდა. რაც ზუსტად ვიცით, ისაა, რომ გასული წლის ოქტომბერში, იგი პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ერთხელ აირჩიეს - 2026 წლის ბოლომდე. ფილიპი ფოტოზე ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლუკ ჰოლცთან ერთადაა.

ლუქსემბურგული თითქმის საუკუნოვანი საფეხბურთო დონის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ილუსტრაცია ფილიპის სამწვრთნელო პერიოდია. წარმოიდგინეთ, კაცი ნაკრების მწვრთნელად 1985 წელს დაინიშნა და 1995 წლამდე თამაში არ მოუგია! 10 წელი! 42 მატჩში 38 წააგო და 4 ფრედ ითამაშა.

1995 წელი, როცა მე დავიბადე, ლუქსემბურგის ნაკრებისთვისაც საოცარი გამოვიდა, რადგან ფილიპის მწვრთნელობის 16-წლიან პერიოდში ნაკრებმა სულ 3 შეხვედრა მოიგო და სამივე ამ წელს! ცოტა გაუმართლათ იმაში, რომ მალტას ორივე მატჩი ამ წელს ეთამაშნენ, მაგრამ მოგება მოგებაა. აი, ჩეხეთის ნაკრებთან გამარჯვებაზე კი, ვინ რა უნდა თქვას?!..

საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 ტურში, ლუქსემბურგში ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ჩავიდა. მართალია, ჩეხთა მთავარ ვარსკვლავებს, პაველ ნედვედსა და კარელ პობორსკის ის მატჩი არ უთამაშიათ, მაგრამ „ევრო 96“-ის ფინალის 6 მონაწილე მოედანზე იყო და ის ნაკრები ძალიან სერიოზულ ძალას წარმოადგენდა, რაც სწორედ ნახსენებ ევროპის ჩემპიონატზე ნათლად დადასტურდა.

ჩეხებს ლუქსემბურგელებთან მატჩი ძალიან სჭირდებოდათ და იქ წაგებით საქმე სერიოზულად გაირთულეს. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ შესარჩევის ჯგუფში მე-3 ადგილოსან ნორვეგიას მხოლოდ 1 ქულით გაუსწრეს. ასე რომ, ჩეხეთთან ის მოგება, ლუქსემბურგული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ გამარჯვებად უნდა ჩავთვალოთ.

საერთო ჯამში, ფილიპმა ნაკრები 84 შეხვედრაში გაიყვანა მოედანზე: 3 მოგება, 8 ფრე და 73 წაგება. ერთ-ერთი მარცხი საქართველოს ნაკრებთან იყო. 2001 წლის 15 აგვისტოს, გუნდები ერთმანეთს ამხანაგურად შეხვდნენ და ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილმა გუნდმა, გიორგი დემეტრაძის დუბლითა და რატი ალექსიძის გოლით, 3:0 მოიგო.

ის უკვე გითხარით, რომ პოლ ფილიპს საფეხბურთო კარიერის მთელი პერიოდი ლუქსემბურგსა და ბელგიაში აქვს გატარებული, სამწვრთნელო საქმიანობა კი მხოლოდ ერთი ადგილით - ნაკრებში 16-წლიანი მუშაობით შემოიფარგლება, 2004 წლიდან კი პრეზიდენტობის ნაყოფიერი წლებია. ანუ, ეს ადამიანი მთელი თავისი ცხოვრება ლუქსემბურგულ ფეხბურთში ტრიალებს, მისი ყველა წვრილმანი კარგად იცის და, ცხადია, ეს, როგორც ფედერაციის ტოპ მენეჯერს, ძალიან ეხმარება.

მისი პრეზიდენტობის პერიოდში, ლუქსემბურგულ ფეხბურთში უპრეცედენტო შედეგებია: 2006-2018 წლებში, ლუქსემბურგის ეროვნულმა ნაკრებმა ფიფა-ს რეიტინგის 195-ე პოზიციიდან 82-ზე გადაინაცვლა (ამჟამად 87-ეა). საკმაოდ რთულია ისეთი ნაკრების მოძებნა, რომელსაც 100-ზე მეტსაფეხურიანი პროგრესი დროის ასეთ მონაკვეთში ჰქონია. ფილიპის ამჟამინდელი გამოწვევა მიღწეულის კიდევ უფრო გამყარება და გაუმჯობესებაა, მაგრამ თავადაც ამბობს, რომ ასეთივე ტემპებით პროგრესი, ობიექტურ რეალობას ეწინააღმდეგება.

„ჩვენს გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ პროგრესი იმავე ტემპებით გაგრძელდება, როგორც ბოლო 6 წლის განმავლობაში, თუმცა ეს რთული იქნება. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როცა ამოცანად გვაქვს, ხალხს ავუხსნათ, რომ ყველაფერი ამ სისწრაფით ვერ გაგრძელდება, რადგან საწყის ეტაპზე დიდი ნაბიჯების გადადგმა ადვილია. ჩვენ პატარა ქვეყანა გვაქვს და ამ მოცემულობას ვერასდროს შევცვლით“.

ფაქტია, რომ ფილიპის მმართველობის პერიოდში ლუქსემბურგულ ფეხბურთს ფუნდამენტი გაუჩნდა. დაიწყო ახალგაზრდა მოთამაშეების განათლება, სწორად აღზრდა, მათი კარიერული განვითარებისთვის სპეციალური მუშაობა. ეს ყველაფერი შედეგს ვერ მოიტანდა, თუკი საქმეს მცოდნე და პროფესიონალი ადამიანები არ გააკეთებდნენ, შესაბამისად, ჩანს ისიც, რომ ფეხბურთში ჩართულ ადამიანთა ცნობიერება და მუშაობის სპეციფიკა თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებულია.

ყველაზე მოკლედ რომ შევაფასოთ: პოლ ფილიპმა ლუქსემბურგში ფეხბურთი სამოყვარულოდან პროფესიონალურ დონეზე გადაიყვანა და შექმნა ისეთი საძირკველი და სტრუქტურა, რომელზეც მაღალი ევროპული სტანდარტების პროდუქტის დაშენება თავისუფლად შეიძლება.

დანარჩენი უკვე მომავლისა და მუხლჩაუხრელი მუშაობის ამბავია. ნიშნები იმისა, რომ ლუქსემბურგი საინტერესო საფეხბურთო ქვეყნად შეიძლება, იქცეს, არსებობს. ქვეყნის, რომელსაც ყველაზე მაღალ საფეხბურთო მატერიებსა და, თუნდაც, ჯილდოებზე პრეტენზია ვერ ექნება (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით), მაგრამ ექნება თავისი უნიკალური ხაზი და საინტერესო პერსპექტივები.

სელექცია: ადგილობრივ რესურსს+მეორადი ევროპელები

პრეზიდენტის წინა კომენტარში, რომელიც პროგრესის ამავე ტემპებით გაგრძელების შეუძლებლობაზეა, რეალისტური პოსტულატებია, რადგან ლუქსემბურგი არასდროს ყოფილა ქვეყანა, რომელსაც ფეხბურთში ტალანტები უხვად ჰყავდა. ასეა ახლაც.

სიმართლეა, რომ ლუქსემბურგელი მოთამაშეები ბუნდესლიგის, საფრანგეთის ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ის, ნიდერლანდების ერედივიზიესა თუ სხვა ევროპული ქვეყნების საკმაოდ კარგ გუნდებში ხვდებიან, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ქვეყანაში საკმარისი საფეხბურთო რესურსია იმისთვის, რომ ძლიერი ევროპული ნაკრები გყავდეს. ამიტომაც, ახლომდებარე ქვეყნებიდან, რომელთა კულტურაც ლუქსემბურგთან მეტ-ნაკლებად ახლოსაა და გარკვეული ძაფების გაბმა შესაძლებელია, მეორეხარისხოვანი ფეხბურთელების ნატურალიზაცია ხდება და ნაკრების ძირითად ბირთვს ისინი შეადგენენ.

გასაგებია, რომ ტოპ კლასის ნიდერლანდელი, ფრანგი ან პორტუგალიელი ლუქსემბურგის ნაკრებში სათამაშოდ არ წავა, მაგრამ ისეთები, ვისაც დიდი ქვეყნის ნაკრებში თამაშის შანსი არ აქვთ, შეთავაზებას თანხმდებიან, რადგან, როგორც ჩანს, ფილიპის ფედერაცია ქვეყანაში ისეთ საფეხბურთო ატმოსფეროს ქმნის, რომ ასეთ ხალხს იქ თამაში უღირს. უღირთ, თამაშობენ და პროგრესიც სახეზეა.

ერთ-ერთი ასეთი ჟერსონ როდრიგეშია, რომელიც ლისაბონის სიახლოვესაა დაბადებული და 22 წლის ასაკამდე ნაკრებში რომ არავინ დაუძახა, ლუქსემბურგელთა წინადადება მიიღო. დღეს ეს ბიჭი 28 წლისაა და, 59 მატჩში გატანილი 20 გოლით, ლუქსემბურგის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. როდრიგეში, რომელმაც ფეხბურთის თამაში ლუქსემბურგულ კლუბებში დაიწყო, 2019 წლიდან კიევის „დინამოს“ საკუთრებაა, თუმცა ძირითადად განათხოვრებით სხვადასხვა კლუბებში თამაშობს - თურქეთში, საფრანგეთის ლიგა 2-სა და საუდის არაბეთის ჩემპიონატში. ამჟამად „სივასპორის“ წევრია.

წარმატებული ნატურალიზაციის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, ლევან ყენიას ყოფილი თანაგუნდელი დანელ სინანია, რომელიც სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაიბადა. როდრიგეშის მსგავსად, სინანის პირველი პროფესიონალური კლუბებიც ლუქსემბურგული იყო - „რასინგი“ და „დუდელანჟი“. ყენია და სინანი სწორედ „დუდელანჟში“ გადაიკვეთნენ. როცა ლევანს მის შესახებ ვკითხე, ასე მიპასუხა:

„დანელ სინანი კარგად მახსოვს, ახლა მე-2 ბუნდესლიგის კლუბ „სანქტ პაულში“ თამაშობს. საინტერესო ფეხბურთელია - სწრაფი, ტექნიკური და მოქნილი. განსაკუთრებით სახიფათოა საჯარიმოს მისადგომებთან, რადგან მომენტის დაჭერა და კარგი დარტყმის შესრულება შეუძლია“.

ყენიას ეს რჩევები უახლოეს პერიოდში ყველას გამოადგება, საქართველოს ნაკრების გარდა, რადგან სინანი ჩვენთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. 26 წლის სერბული წარმოშობის გარემარბი ნაკრებში 2017 წლიდან თამაშობს და 61 მატჩი 12 გოლი აქვს, რაც ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მე-7 ადგილზე ყოფნის პრივილეგიას აძლევს.

თქვენი ყურადღება „წითელი ლომის“ ორ გამორჩეულ ნატურალიზებულ მოთამაშეზე შევაჩერე და ეს ზოგადი მაგალითია. როდრიგეშისა და სინანის გარდა, 2023 წლის ნოემბრის განაცხადის მიხედვით, შევხვდებით ნატურალიზებულ მოთამაშეებს საფრანგეთიდან, კაბო ვერდედან, კოსოვოდან, ბელგიიდან, აშშ-დან, დანიიდან, პორტუგალიიდან და სერბეთიდან. 25-კაციანი სიიდან 8 ნატურალიზებული ფეხბურთელია, რაც ძირითადი ბირთვის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, რადგან, ლოგიკურია, რომ რიგით მოთამაშეს, როგორსაც ლუქსემბურგშიც ნახავდნენ, მთელ პროცედურებს არ გაატარებდნენ და მოქალაქეობას არ მისცემდნენ.

ჯერ კიდევ 2000-იანების პირველ დეკადაში ლუქსემბურგის ნაკრებში მასწავლებელი, ბანკირი, სამხედრო და სხვა პროფესიის არაერთი ფეხბურთელი თამაშობდა, თანდათან კი ისინი „როდრიგეშებით“ და „სინანებით“ ჩანაცვლდნენ. ამჟამად, მთავარი მწვრთნელი სანაკრებო სიას პორტუგალიის, გერმანიის, ბელგიის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, უკრაინისა თუ სხვა კლუბების ფეხბურთელებისგან ადგენს. თუმცა, ლუქსემბურგელთა მთავარ გუნდში ერთი ორი არაპროფესიონალი დღესაც თამაშობს.

„10 წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ ნაკრებში პროფესიონალ ფეხბურთელთა რიცხვი უნდა გაზრდილიყო. გვინდოდა, ჩვენს ბიჭებს საფრანგეთის, ბელგიისა თუ გერმანიის ჩემპიონატებში ეთამაშათ. დღეს უკვე გვყავს დაახლოებით 25-კაციანი შემადგენლობა და ვიტყოდი, რომ მათი 95% პროფესიონალურ ლიგებში თამაშობს.

ჩვენი ჩემპიონატი ირლანდიისას წააგავს. მათი შიდა ლიგა საკმარისად კარგი ნამდვილად არ არის, მაგრამ მუდამ ძლიერი ნაკრები ჰყავთ. აქედან გამომდინარე, საუკეთესო გამოსავალი ახალგაზრდების კარგ ჩემპიონატებში გადასვლაა“, - ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი.

ცხადია, ლუქსემბურგელ ფეხბურთელებს ძლიერი ჩემპიონატების კლუბები სამადლოდ არ იმატებენ და არც საქველმოქმედო მიზნები აქვთ. ამას თავისი მიზეზები აქვს, ყველაზე მთავარი: ლუქსემბურგში არის შესაფერისი პირობები იმისთვის, რომ ფეხბურთელთა განათლებას, სწორად აღზრდასა და შემდეგში განვითარებას, დიდი ყურადღება მიექცეს. ფეხბურთის ფედერაცია ამ კუთხით პრიორიტეტულად მუშაობს და სპეციალური დეპარტამენტი აქვთ, რომელიც დამწყებ ფეხბურთელებს აკვირდება და შემდეგში მათ სწორად განვითარებაზე ზრუნავს.

„თქვენ ვერ შეძლებთ ფეხბურთელების პროფესიონალურ კლუბებში ასე უბრალოდ გაგზავნას, თუკი რაღაც ეტაპებს არ გაივლით. ბავშვების დაკვირვებას 9-10 წლის ასაკიდან ვიწყებთ, შემდეგ ჩვენი დეპარტამენტი მათ ნაწილზე სპეციალურ პროგრამას იწყებს და ეს პროცესი 18 წლამდე გრძელდება. ისინი, თავიანთ კლუბებთან ერთად, შაბათ-კვირას მატჩებს თამაშობენ, დანარჩენ დღეებში კი ჩვენთან არიან და თითოეულის საფეხბურთო ცნობიერების ჩამოყალიბება სწორედ აქ ხდება.

როდესაც ეს ბიჭები 16-17 წლისები ხდებიან, ჩვენი ქსელის მეშვეობით, რომელიც ბელგიასა და საფრანგეთში მოქმედებს, პროფესიონალურ კლუბებთან საუბარს ვიწყებთ და მათ დაინტერესებას ვცდილობთ“, - ესეც ფედერაციის პრეზიდენტის კომენტარია.

ლუქსემბურგული ფეხბურთის გზას ხშირად ისლანდიურსაც ადარებენ, რაც ალოგიკური სულაც არაა. მოსახლეობით ეს ორი ქვეყანა ახლოსაა, საფეხბურთო პროგრესი კი ორივეს შემთხვევაში შეინიშნება. მსგავსებას ფილიპიც ხედავს.

„ყველა ისლანდიელ ფეხბურთელს ქვეყნის დატოვება და ინგლისში ან ევროპაში წასვლა უნდა. ჩვენც ვცდილობთ, ახალგაზრდებს ამ მიდგომის სისწორე დავანახოთ, რათა ანალოგიური მიზანი ჰქონდეთ. თუმცა, ხაზს გავუსვამდი, რომ ახალგაზრდებისთვის აქ უფრო მეტი პირობაა განვითარებისთვის და ადვილია ცხოვრება, ვიდრე ისლანდიაში.

წინა დეკადებთან შედარებით, ძალიან კარგია ის, რომ დღეს უკვე ბიჭებს მეტი პროფესიონალიზმი აქვთ და იციან, მათთვის უკეთესი რა იქნება“.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლუქსემბურგში ფეხბურთს ხელი სერიოზულად მოკიდეს და, მწირი რესურსის მიუხედავად, თანამედროვე სტანდარტების, მყარი ევროპული საფეხბურთო სისტემა შექმნეს. სისტემა, რომელიც ცდილობს, ფეხბურთის ყოველდღიურად განვითარებად-ცვალებად ტენდენციებს ფეხი აუწყოს და მასთან მაქსიმალურად მჭიდრო კავშირი ჰქონდეს.

თუ არსებობს კითხვა - როგორ შეძლეს ეს ამ პატარა ქვეყნის წარმომადგენლებმა, ასე მოკლე დროში, ეს ინტერესიც დავაკმაყოფილოთ. ლუქსემბურგი საბანკო ქვეყანაა, კარგად აწყობილ-დალაგებული ეკონომიკით, მდგრადი განვითარებითა და ევროპულ ღირებულებებთან მყარად გადაჯაჭვული ცხოვრებისეული ასპექტებით. მოდით, ისევ ლევან ყენიას მოვუსმინოთ:

„ფაქტს, რომ ლუქსემბურგულ ფეხბურთს განვითარებისთვის იმაზე მოკლე დრო სჭირდება, ვიდრე დაახლოებით ამავე სიდიდის სხვა ბევრი ქვეყნისას, იმით ავხსნიდი, რომ ეს ქვეყანა გეოგრაფიულად ძალიან ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს. ევროპული ღირებულებები, ფინანსური რაციონალურობა და მდგრადობა, სტაბილური გარემო და მაღალი დონის სამუშაო სტანდარტები. ევროპულ მოთხოვნებთან და გამოწვევებთან მუდამ ახლოს არიან.

ამ ყველაფრის ერთობლიობა კი ბევრ ბენეფიტს იძლევა, მათ შორის იმასაც, რომ კონკრეტული სფეროს განსავითარებლად მოკლე დრო სჭირდებათ და შედეგსაც, სხვებთან შედარებით, მალე იღებენ“.

საკლუბო ფეხბურთის პროგრესი

2023-24 წლების სეზონის ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპი ლუქსემბურგული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდ დაიწყო. პირველად მოხდა, როცა ევროტურნირის მე-2 ეტაპზე მათი 4 კლუბი გავიდა.

ფაქტის სახით ვთქვათ, რომ 1955-56 წლების სეზონიდან მოყოლებული, ყველა ევროტურნირის ჩათვლით, 2012-13 წლებამდე ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა რომელიმე ლუქსემბურგულმა კლუბმა რომელიმე ევროტურნირის ორი ეტაპი გაიარა. ეს შემთხვევა 1959-60 წლებში იყო, დანარჩენ არც ერთ წელს არც ერთ გუნდს ერთზე მეტი ეტაპი არ გაუვლია.

1955-56 წლებიდან 2012-13 წლებამდე გამართული სეზონების 79%-ში ლუქსემბურგული კლუბები ევროტურნირების ერთ ეტაპსაც ვერ გადიოდნენ.

ზოგადად, მათ შიდა ჩემპიონატს საუკუნეზე მეტხნიანი ისტორია აქვს და 1909-10 წლების სეზონიდან ტარდება. „ჟუნეს ეში“ (Jeunesse Esch) ქვეყნის 28-გზის ჩემპიონია, რაც მკვეთრად ცალკე მდგომი შედეგია, თუმცა გუნდმა 21-ე საუკუნეში ეს მხოლოდ 2-ჯერ გააკეთა - 2003-04 და 2009-10 წლებში. ამ საუკუნის უმთავრეს გუნდად „დუდელანჟი“ იქცა, რომელმაც ჩემპიონატი 16-ჯერ მოიგო და ყველა მათგანი 1999-2000 წლების სეზონიდან მოყოლებული. ესე იგი, 22 შესაძლებლობიდან (1 სეზონი Covid 19-ის გამო გაუქმდა) ტიტული მათ 16-ჯერ დარჩათ - ამას უფრო ჰეგემონია ჰქვია.

ლუქსემბურგელთა უმაღლესი დივიზიონი 16-გუნდიანია, რაც ასეთი პატარა ქვეყნისთვის უდიდესი რიცხვია. სწორი სელექციის გარეშე, ეს ასე ვერ იქნებოდა, რადგან ამდენი გუნდისთვის სათანადო ფეხბურთელთა რაოდენობა ქვეყანაში ფიზიკურად არაა. შესაბამისად, ჩემპიონატის საერთო დონეს, მეტწილად, ლეგიონერების ხარისხი განსაზღვრავს.

ლევან ყენია: „საშუალოზე ოდნავ დაბალი დონის ევროპელი ფეხბურთელისთვის, რომელმაც საფრანგეთის, ნიდერლანდების, გერმანიის ან რომელიმე სხვა ქვეყნის მაღალი დონის ჩემპიონატში ვერ გაამართლა, ლუქსემბურგში ჩასვლა ჩვეულებრივი ამბავია.

ეს საკმაოდ მარტივია, რასაც ქვეყნის იმიჯი და რეპუტაცია განაპირობებს: ევროპული ღირებულებების, ფინანსურად კარგად გამართული და კომფორტული ქვეყანაა. თუკი, ასეთი კალიბრის ევროპელ მოთამაშეს თვეში 8-10 ათას ევროს გადაუხდი, ის წინადადებას სერიოზულად განიხილავს“.

დავუბრუნდეთ „დუდელანჟს“, რომელსაც ნათლად ეტყობოდა, რომ თუკი რომელიმე გუნდს ქვეყანა ევროთასებზე კარგად უნდა წარმოეჩინა, ის უნდა ყოფილიყო. ხელმძღვანელობისგან სტაბილურობის შექმნისა და სათანადო სტრატეგიის არჩევის შემდეგ, გუნდი ადგილობრივ გრანდად და გამორჩეულ კლუბად იქცა, ჩემპიონატსაც ხშირად იგებდა, მაგრამ ევროტურნირებზე წარმატებისთვის კიდევ რაღაც იყო საჭირო.

ეს რაღაც „ვიღაც“ აღმოჩნდა - დინო ტოპმიოლერი. საქართველოს ნაკრების ექს-მწვრთნელის, კლაუს ტოპმიოლერის ვაჟი, რომელიც მამის რჩევების ფონზე, „დუდელანჟის“ გაწვრთნასა და გამოწვევებთან შეჭიდებას დათანხმდა. 2011-16 წლებში „დუდელანჟში“ არც ერთ მწვრთნელს წელიწადზე მეტი არ უმუშავია, 2016-დან კი იქ დინო მივიდა.

„დინო, როგორც მწვრთნელი ლუქსემბურგიდან გამოჩნდა. „დუდელანჟში“ შედეგიანი მუშაობის შემდეგ, ბუნდესლიგაში დაუძახეს და დღეს უკვე ფრანკფურტის „აინტრახტის“ მთავარი მწვრთნელია. საქართველოდან პირდაპირ ასეთ დონეზე, აბა, ვინ მოხვედრილა?! ვფიქრობ, ეს შესადარებლად კარგი მაგალითია და ზოგად სურათს გამოხატავს, რა საფეხბურთო ფონია ლუქსემბურგში.

დამწყები მწვრთნელისთვის, განათლებისა და პრაქტიკის მისაღებად, კარგი სამუშაო სივრცეა. ფაქტია, განვითარებისთვისაც სათანადო გარემოა და ეს მხოლოდ დინოს მაგალითზე არ ითქმის. იქ არაერთი ფრანგი, პორტუგალიელი, გერმანელი და სხვა ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი ახალბედა მწვრთნელი ჩადის“, - ამბობს ყენია, რომელმაც დინო ტოპმიოლერის ხელმძღვანელობით 2018-19 წლებში ითამაშა.

სხვათა შორის, „ყენომ“ რამდენიმე თვის წინ დინო ტოპმიოლერთან, „აინტრახტში“, სამწვრთნელო პრაქტიკები გაიარა. ის მწვრთნელობაზე სერიოზულად ფიქრობს და ინტენსიურ სასწავლო პროცესშია ჩართული. ბევრი მიხვდებოდით, ფოტოზე იგი დინოსთან და კლაუს ტოპმიოლერებთან ერთადაა.

2018-19 წლების სეზონია სწორედ ის სეზონი, როცა ლუქსემბურგული ფეხბურთის ისტორია დაიწერა და მათი კლუბი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე პირველად მოხვდა. მაშინ არ იყო კონფერენს ლიგა, „დუდელანჟმა“ კოსოვოს კლუბ „დრიტას“, პოლონური „ლეგიასა“ და რუმინული „კლუჟის“ ბარიერები გაიარა და ევროპა ლიგის ჯგუფში შევიდა. „ბეტისთან“, „მილანთან“ და „ოლიმპიაკოსთან“ სულ 1 ქულა აიღეს.

მეორე და, ჯერჯერობით, ბოლო ჯგუფური ეტაპი შემდეგ, 2019-20 წლების სეზონში იყო. საკვალიფიკაციო ეტაპზე მაკედონიური „შკენდია“, ესტონური „კალიუ“ და სომხური „არარატ-არმენია“ დაამარცხეს. ჯგუფში მეტოქეები - კვიპროსის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი „აპოელი“, აზერბაიჯანული „ყარაბაღი“ და „სევილია“. „აპოელს“ 1 მატჩი მოუგეს, „ყარაბაღთან“ კი ფრედ ითამაშეს და გამოსვლა, 4 ქულით, კვლავ ბოლო ადგილზე დაასრულეს.

ასე რომ, ამ პატარა ქვეყანაში საკლუბო ფეხბურთის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და ამაზე სერიოზულად მუშაობენ. შესაძლოა, ეტაპობრივად იქამდეც მივიდნენ, რომ ლუქსემბურგის ნაკრებმა ადგილობრივი ლიგიდან კიდევ უფრო მასშტაბური შევსება მიიღოს.

საქართველო V ლუქსემბურგი: როგორ გამოეხმაურა მათი პრესა წილისყრას

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ, „ევრო 2024“-ზე მოსახვედრად, ნაკრებებს ორიდან პირველ ბარიერად ერთმანეთი უნდა ჰყავდეთ, ქართულ და ლუქსემბურგულ პრესასა და საზოგადოებაში მატჩის გარშემო საუბარი დაიწყო.

ქართულ შეფასებებს მეტ-ნაკლებად ყველა თქვენგანი იცნობს და თვალს ადევნებს, ამიტომ მხოლოდ ოფიციალურ კომენტარებს გაგახსენებთ. რაც შეეხებათ ლუქსემბურგელებს, მათ მედიას თვალი გადავავლე და ყველაზე მეტად გამოცემა „Le Quotidien-ის სტატიამ მიიქცია ყურადღება, რადგან რამდენიმე აქცენტი გამოიკვეთა: 1) საქართველოს ნაკრებს ოდნავ უფრთხიან; 2) ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, სინანი არ ეყოლებათ, მაგრამ ხვიჩას დისკვალიფიკაციამ ეს დანაკლისი გადაუწონათ და უხარიათ; 3) „კვარას“ შემდეგ ყველაზე მეტი გიორგი მიქაუტაძეზე იციან.

„დანიელ სინანისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ვალიადოლიდიდან გავიგეთ. ხვიჩა კვარაცხელიამ ჯერ გოლი გაიტანა, მატჩის ბოლოს კი შესარჩევში მე-3 ყვითელი ბარათი მიიღო და „წითელ ლომთან“ პლეი-ოფის შეხვედრას გამოტოვებს. ლუქსემბურგის ნაკრებისთვის უკეთესია, სინანიმ და კვარაცხელიამ არ ითამაშონ, ვიდრე ორივე მოედანზე იყოს.

ნამდვილად ვერ შევადარებთ პრობლემათა მასშტაბს, რომელიც ამ დისკვალიფიკაციებმა მწვრთნელთათვის გამოიწვიეს. სინანის არყოფნა ლუქსემბურგისთვის დანაკლისია, კვარაცხელიასი საქართველოსთვის - ტრაგედია. ეს სიცარიელეა! ფეხბურთელი, რომელსაც „კვარადონას“ ეძახიან, „ნაპოლის“ მიერ 33 წლის შემდეგ მოგებული „სკუდეტოს“ მთავარი შემოქმედია. ეს ბიჭი „ოქროს ბურთის“ ნომინანტებში მე-17 ადგილზე გავიდა.

ნაკრების ფორმით ჩატარებულ 21 მატჩში 14 გოლი აქვს და თამაშის ბედის შეცვლა ნებისმიერ წამს შეუძლია. აქვს უნარი, 10-სანტიმეტრიან მონაკვეთში მეტოქე მოატყუოს და გიჟური ტექნიკით გამოირჩევა, რაც ლუქსემბურგის ნაკრების დაცვისთვისაც კი, რომელიც გოლს ფაქტობრივად არ უშვებს, უდიდეს საფრთხედ აღიქმებოდა.

ასევე, უნდა ვიმედოვნოთ, რომ „მეცის“ ყოფილი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე, რომელიც „აიაქსში“ გადასვლის შემდეგ რიტმიდან ამოვარდნილია, ფორმას ვერ დაიბრუნებს. სამწუხარო იქნება, შავ ჭირს გადავურჩეთ და ქოლერა შეგვეყაროს“, - წერს ლუქსემბურგული გაზეთი.

რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, ალექსანდრე იაშვილმა და ვილი სანიოლმა გულშემატკივრის ფაქტორს გაუსვეს ხაზი. ფრანგი დარწმუნებულია, რომ სტადიონი გაივსება და ფანები პოზიტიურ გარემოს შექმნიან.

„საქართველოში ფანტასტიკური გულშემატკივრები გვყავს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლუქსემბურგს სახლში ვეთამაშებით. დარწმუნებული ვარ, სტადიონი გაივსება. ქომაგებს კვლავ შეეძლებათ, მოვიდნენ და ოჯახური და პოზიტიური გარემო შეგვიქმნან, რაც უკვე სასიამოვნო ტრადიციაა“, - სანიოლმა ეს განცხადება წილისყრის შემდეგ გააკეთა, როცა გაირკვა, რომ ფინალში გასვლის შემთხვევაში, იმ თამაშსაც ჩვენს არენაზე ვითამაშებდით.

ფრანგი სპეციალისტი ლუქსემბურგული ფეხბურთის პროგრესის თემასაც შეეხო და მოკლე შეფასებით შემოიფარგლა.

„10-15 წლის წინ, ლუქსემბურგი ევროპულ საფეხბურთო რუკაზე პატარა ქვეყნად მიიჩნეოდა, მაგრამ ბოლო 10 წელიწადში ძალიან ბევრი იმუშავეს და შედეგსაც იღებენ. ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც კარგ და ტოპ კლუბებში თამაშობენ: მაგალითად, გერმანიასა და იტალიაში. მათი ნაკრები რთული მეტოქე იქნება, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა გვექნება და, გამარჯვების გარდა, სხვა შედეგს არ განვიხილავთ“.

ლუქსემბურგელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუკ ჰოლცმა წილისყრის შემდეგ უმოკლესი კომენტარი გააკეთა და „ევრო 2024“-ზე გასვლის ფავორიტად საბერძნეთის ნაკრები დაასახელა.

„ვფიქრობ, ამ ოთხი ნაკრებიდან, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ყველაზე კარგი შანსი საბერძნეთს აქვს. საქართველოში ჩასვლა და ნახევარფინალური მატჩის ჩატარება რთული იქნება და მინდა, რეალისტური დამოკიდებულება შევინარჩუნო. არ მსურს, ძალიან დიდი ამოცანები დავისახო“.

ჰოლცი, ფედერაციის პრეზიდენტ ფილიპის მსგავსად, არის ადამიანი, ვისაც მთელი თავისი ცხოვრება ლუქსემბურგულ ფეხბურთში აქვს გატარებული. 1990-2007 წლებში ადგილობრივ კლუბებში - „დიფერდანჟში“, „ავენირ ბეჟენსა“ და „ეტცელა ეტელბრუკში“ თამაშობდა, ნაკრებში 1991-2002 წლებში 55 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი (ნახევარმცველი იყო) შეაგდო. 2010 წლიდან კი ნაკრების მთავარი მწვრთნელია და მთელი ის პროცესები, რაც ბოლო დეკადაზე მეტია „წითელი ლომის“ გარშემო ვითარდება, მისი ხელმძღვანელობითაა.

ნუ შევუქმნით წნეხს ჩვენსავე ნაკრებს!

სტატიის ბოლოს ისევ ლევან ყენიასთან საუბარს მივუბრუნდები და მის შეფასებას გაგიზიარებთ. ლევანის აზრით, კვარაცხელიას გარეშე რთული იქნება, მაგრამ შანსები, ჩვენ სასარგებლოდ, 60:40-ზეა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრები ბევრ კომპონენტში უკეთესი გუნდია, მაგრამ ამ ყველაფერს მოედანზე დამტკიცება სჭირდება. ყენიას ზემოთ უკვე ნათქვამ-დაწერილ ფრაზას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რადგან, ვფიქრობ, საზოგადოებისგან ნაკრებს სწორი მიდგომა და წნეხის გარეშე მატჩამდე მისვლა ახლა ყველაზე მეტად სჭირდება:

„მთავარია, საკუთარი კედლების ფაქტორი საჩვენოდ გამოვიყენოთ და, პირიქით, წნეხად არ გადავაქციოთ. ფეხბურთელობიდან კარგად მახსოვს: რამდენადაც დიდია მხარდაჭერა, იმდენად დიდ წნეხად შეიძლება, გადაიქცეს. კარგი იქნება, თუ მოვერიდებით სიტყვებს: „უნდა“, „უეჭველი“, „აუცილებლად“ და ა.შ.“.

ლევანს უკვე მოვუსმინეთ, ჩემი მთავარი სათქმელი კი ასეთია: ისტორიული შანსი პირველად ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ეგ ჩვეულებრივი მომენტია და გამოცდილებად მივიღოთ. რაღაც კონკრეტულს რომ მიაღწიო ან სადმე მიხვიდე, იქვე ახლოს უნდა ტრიალებდე. კარგია, რომ ჩვენს ნაკრებს დიდ ტურნირზე მოხვედრის ერთი შანსი უკვე ჰქონდა და ზურგზე ეს გამოცდილება ადევს.

ახლა მეორე შანსია და, როგორც რიგითი ქართველი ფეხბურთის გულშემატკივარი, გთხოვთ, რომ ამბის მნიშვნელობა კარგად გავიაზროთ და ნაკრებს სწორი აქცენტებითა და მესიჯებით „ვეურთიერთოთ“. თითოეული დეტალი ქმნის იმ საერთო ფონს, რომელიც ჩვენს ბიჭებს უფრო მეტად დაეხმარება, ვიდრე ხელს შეუშლის, ან პირიქით - უფრო მეტად ხელს შეუშლის, ვიდრე დაეხმარება.

შევხედოთ ყველაფერს ჯანსაღად, რაციონალურად და ცივი გონებით, დავეშვათ მიწაზე და მოვითხოვოთ იმდენი, რამდენიც შეიძლება, რომ გვეკუთვნოდეს. ასე უფრო მეტი შანსია იმისა, რომ იმაზე მეტი მივიღოთ, ვიდრე გვეკუთვნის.

აბსოლუტურად მესმის, რომ ყველა თამაშის მოგება გვინდა და უნდა გვინდოდეს კიდეც. ისიც მესმის, რომ ყიფიანის, გუცაევის, ჩივაძის, ხურცილავას, მესხისა და ასეთი დიდი ვარსკვლავების ქვეყანა ვართ, მაგრამ უკვე 40 წელზე მეტია ამ ყველაფერს ჩვენსავე საზიანოდ „ვიყენებთ“ და ვიქმნით წნეხს იმის გამო, რასაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

შევხედოთ ყველაფერს რეალისტურად და დავფიქრდეთ, რა გავაკეთეთ 1991 წლიდან დღემდე ფეხბურთში იმისთვის, რომ დიდ ტურნირზე აუცილებლად (!!!) გასვლის მოთხოვნის ლეგიტიმური უფლება გვქონდეს?!

შანსი გვაქვს, აქამდე მოვედით, რაც უკვე თავისთავად რაღაცების ინდიკატორია, გვინდა, გვჯერა და იმედია, გავალთ კიდეც, მაგრამ წინასწარ ილუზიების შექმნა და კოშკების აგება, რომ თუ ევროპაზე გავალთ ყველაფერი გვექნება და თუ ვერ გავალთ - არაფერი, ისევ ძველი, აპრიორი არასწორი, გზის გაგრძელებაა.

ერთიანობა და წარმატება ჩვენს ნაკრებს! შეგიძლიათ, სტატიის ქვემოთ, კომენტარებში, დაწეროთ ჩვენი სლოგანი „მე ვარ საქართველო“ და აქედანვე დავიწყოთ, ჩვენსა და ნაკრების გარშემო, დადებითი განწყობის შექმნა.

P.S. ავტორი მზადაა შეფასებებისთვის, მოსაზრებების გაზიარებისა და ჯანსაღი კრიტიკისთვის. 

გაზიარება: