რონალდუს სასამართლოში უჩივლეს | მიზეზი Binance-ს უკავშირდება
„ალ-ნასრის“ სუპერვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს სასამართლოში უჩივლეს. Coin Telegraph-ის ინფორმაციით, სარჩელი აშშ-ს ერთ-ერთი შტატის, ფლორიდის სასამართლოში 27 ნოემბერს შეიტანეს და საქმე კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმას, Binance-ს უკავშირდება.
სარჩელში ნათქვამია, რომ რონალდუ, Binance-თან კოორდინაციით, რეკლამირებას უწევდა, ეხმარებოდა/აქტიურად იყო ჩართული დაურეგისტრირებელი ფასიანი ქაღალდების გაყიდვაში. მომჩივნების თქმით, კრიშტიანუს უნდა სცოდნოდა, რომ Binance დაურეგისტრირებელი ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობდა და ზომები მიეღო.
რონალდუ და Binance თანამშრომლები NFT-ის სფეროში გახდნენ და შეთანხმებას 2022 წლის ზაფხულში მიაღწიეს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის წყალობით, სავაჭრო პლატფორმის პოპულარობა ძალიან გაიზარდა და სოციალურ ქსელებში გამომწერთა საერთო რაოდენობამ 850 მილიონს მიაღწია.
Coin Telegraph-ის მიხედვით, კრიშტიანუ რონალდუსგან ზარალის ანაზღაურებას და ლეგალური ხარჯების ანაზღაურებას ითხოვენ. პორტუგალიელ ფეხბურთელს ამ თემაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.