ტერზიჩი: ამბობდნენ რომ სიკვდილის ჯგუფში შანსი არ გვქონდა
ჩემპიონთა ლიგის 2023-23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში „მილანი’’ შინ „დორტმუნდთან’’ 1:3 დამარცხდა. მე-6 წუთზე ოლივიე ჟირუს პენალტი გრეგორ კობელმა აუღო. მე-10 წუთზე მარკო როისმა პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმი გოლები 19 წლის ინგლისელმა ბაინო-გიტენსმა და 21 წლის გერმანელმა კარიმ ადეიემიმ გაიტანეს (მიმოხილვა).
ამ გამარჯვებით ედინ ტერზიჩის გაწვრთნილი „დორტმუნდი’’ ჯგუფში 10 ქულით გალიდერდა და მერვედფინალში თამაში გაინაღდა.
ედინ ტერზიჩი: „ბიჭებმა დიდი ენერგია დახარჯეს, მაგრამ ბედნიერები და კმაყოფილები არიან. ყველას გვახსოვს წილისყრის საღამო, როცა ვსაუბრობდით, რომ ეს სიკვდილის ჯგუფი იყო. პირველ ტურში პსჟ-სთან მარცხისა და მეორე ტურში „მილანთან'' ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ამბობდნენ, რომ ჩვენ შანსი არ გვქონდა. დღეს გამარჯვება „მილანსაც'' ძალიან სჭირდებოდა, მაგრამ გამარჯვების სურვილი ჩვენ უფრო მეტად გვქონდა''.
ჯეიმი ბაინო-გიტენსი: „ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე შორს წასვლა შეგვიძლია''.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა მატს ჰუმელსმა აღნიშნა: „დიდებული საღამოა. ორ კვირაში ისევ სახლში ვითამაშებთ. ვეცდებით, პირველი ადგილი შევინარჩუნოთ’’.
ამავე ჯგუფში პსჟ-სა და „ნიუკასლის’’ შეხვედრა 1:1 დასრულდა. ანგარიში 24-ე წუთზე ისაკმა გახსნა. მეორე ტაიმის მე-8 დამატებულ წუთზე კილიან მბაპეს ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით ლუის ენრიკეს გაწვრთნილი გუნდი მარცხს გადაურჩა (მიმოხილვა).
„დორტმუნდი’’ 10 ქულით ლიდერია, პსჟ-ს აქტივში 7 ქულაა, „ნიუკასლისა’’ და „მილანის’’ ანგარიშზე - 5-5 ქულა. დასკვნით მე-6 ტურში „დორტმუნდი’’ პსჟ-ს მიიღებს, „ნიუკასლი’’ – „მილანს’’ (14 დეკემბერი).