გიორგი გველესიანი, პერსეპოლისი
Aa
Aa

გველესიანი: ვაფასებ რასაც საუდის არაბეთი ფეხბურთისთვის აკეთებს

აზიის ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „ალ-ნასრისა'' და „პერსეპოლისის'' შეხვედრა 0:0 დასრულდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში 32 წლის გიორგი გველესიანმა ითამაშა. ქართველი მცველის კარიერაში ეს მატჩი გამორჩეულია, რადგან მისი ოპონენტი მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა კრიშტიანუ რონალდუ იყო. გველესიანმა შეუცვლელად ითამაშა, რონალდუმ მინდორი 78-ე წუთზე დატოვა.

გიორგი გველესიანი:„ძალიან მძიმე თამაში გამოვიდა. ჩვენთვის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ქულები გვჭირდებოდა. როცა რონალდუსა და ბროზოვიჩის, ასეთი ბრწყინვალე ვარსკვლავების წინააღმდეგ თამაშობ... ნამდვილად ვაფასებ იმას, რასაც საუდის არაბეთი ფეხბურთისთვის აკეთებს. აქ საოცარი ატმოსფეროა, გამოცდილების მომტანია ასეთ გარემოში თამაში.

კარგად ორგანიზებული ფეხბურთი ვითამაშეთ, გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი გვქონდა. მას შემდეგ, რაც „ალ ნასრის’’ ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო (მე-17 წუთზე), მეტოქის საქმე გართულდა, ჩვენი გაადვილდა. ვფიქრობ ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ უკეთ თამაში შეგვეძლო’’.

E ჯგუფში 5 ტურის შემდეგ „ალ-ნასრი'' 13 ქულით პირველ ადგილზეა, „პერსეპოლისი'' 8 ქულით მეორე პოზიციაზე და მესამეადგილოსან „ალ-დუჰაილს'' უსწრებს. გველესიანის გუნდს მეორე ადგილი გარანტირებული აქვს, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საუკეთესო ექვს მეორეადგილოსანში უნდა მოხვდეს. ხუთი ტურის შემდეგ „პერსეპოლისი'' ამ ექვსეულშია, თუმცა წინ ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩია დარჩენილი, გველესიანის გუნდი ყატარულ „ალ-დუჰაილს'' მიიღებს, ეს მატჩი 5 დეკემბერს გაიმართება.

გველესიანი და ეროვნული ნაკრები

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გიორგი გველესიანს თამაშის შანსი თუნდაც ამხანაგურ შეხვედრაში არ მისცა. იმის გათვალისწინებით თუ რა დონის გუნდებში თამაშობენ გველესიანის კონკურენტები და ასევე რამდენად დიდი სათამაშო დრო აქვთ და ზოგადად რამდენად პრობლემურია ნაკრების დაცვის ხაზი, როგორც მინიმუმ გიორგი გველესიანი გამოცდას, ამხანაგურ შეხვედრაში თამაშის შანსს იმსახურებდა. როცა პრობლემა არსებობს და შესარჩევ ციკლში ყველაფერი დასრულებულია, მწვრთნელმა პრობლემის გადაჭრის ყველა გზა უნდა მონახოს, სანიოლი გველესიანთან დაკავშირებით ასე არ მოიქცა (ჯერჯერობით).

სანიოლმა გველესიანი ივნისში გამოიძახა, თუმცა კვიპროსთან და შოტლანდიასთან არ ათამაშა.ტაილანდთან მატჩის წინ გველესიანი „პერსეპოლისში'' სასტარტოში ვერ ხვდებოდა და სანიოლის გადაწყვეტილება, რომ არ გამოიხახა, შესაძლოა ამ არგუმენტითაა განპირობებული, მაგრამ როცა სასტარტოში დაბრუნდა, ფრანგ სპეციალისტს კვლავ არ გამოუძახებია. ფაქტია, გურამ კაშია და სოლომონ კვერკველია იდეალური ფორმისგან ძალიან შორს არიან, ხოლო ივა გელაშვილი „სპეციაში'' ვერ დამკვიდრდა, ამ სეზონში სერია B-ს მხოლოდ ორ შეხვედრაში ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები