„მას არ ვიცნობდი, ნამდვილი ჩემპიონია“ | რა თქვა ლორენცო ინსინიემ ხვიჩაზე
„ნაპოლის“ ექს-კაპიტანმა, ლორენცო ინსინიემ La Gazzetta dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ბევრ თემაზე ისაუბრა. ინსინიე ყოფილ გუნდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და მისი შემცვლელი, ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.
„ვალტერ მაცარი? როცა ერთად ვმუშაობდით, სახელით არასდროს მოუმართავს. მისთვის ყოველთვის „პატარა ბიჭუნა“ ვიყავი. რეალთან სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში? სანტიაგო ბერნაბეუზე განსხვავებული, მაგიური ატმოსფეროა და როცა რეალი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, მის ფეხბურთელებს ტრანსფორმაცია აქვთ და სუპერგმირები ხდებიან. ბერნაბეუ ადრენალინს გაძლევს და წნეხს გრძნობ, მაგრამ განსხვავებული მუხტიც მოაქვს. მინდორზე გადიხარ, გარშემო იხედები და აანალიზებ, რომ სტადიონს ბოლო არ უჩანს... ამ მომენტში ხვდები, რომ საფეხბურთო ტაძარში იმყოფები.
ნაპოლის სეზონი? თუ არ იცი, გასახდელში ყოველდღიურად როგორი ატმოსფეროა შექმნილი, მოსაზრების დაფიქსირება რთულია. არ მგონია, რაიმე სერიოზული ხდებოდეს. ატალანტასთან მატჩი ვნახე და იყო მომენტები, როცა პარტენოპეი ძალიან კარგად თამაშობდა. ნაპოლიმ სეზონი მაღალ დონეზე ვერ დაიწყო, მაგრამ გაუმართლებლობის ფაქტორიც იყო. ამ გუნდში ხარისხიანი ფეხბურთელები თამაშობენ და მჯერა, სატურნირო ცხრილის ტოპ პოზიციებზე დაბრუნება შეუძლიათ. არ ვიცი, რუდი გარსიასა და გუნდს შორის რა ხდებოდა და როგორი ქიმია იყო, მაგრამ მჯერა, მაცარისთან ერთად, ტოპ პოზიციებს დავიბრუნებთ.
კვარაცხელია? მის შესახებ არაფერი ვიცოდი. ხვიჩა ძალიან ძლიერია და სოციალურ ქსელში მას კომპლიმენტიც ვუთხარი. კვარა ნამდვილად ჩემპიონია. ვიქტორ ოსიმენს რაც შეეხება, როცა მშვიდად არაა, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას ვერ აჩვენებს. გასულ სეზონში, ბევრად მშვიდი იყო და ყველაფერს აკონტროლებდა, რის წყალობითაც განსხვავება შექმნა“.
შეგახსენებთ, რომ ინსინიე „ნაპოლის“ ღირსებას 2010-დან 2022 წლამდე იცავდა. „პარტენოპეის“ დატოვების შემდეგ, მან MLS-ს მიაშურა და „ტორონტოს“ რიგებში ასპარეზობს.