ნიკოლა იოკიჩი, სანდრო მამუკელაშვილი, მაიკლ პორტერ ჯუნიორი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

სანდროს 6 წუთი და 2 ასისტი | სან ანტონიო ზედიზედ მე-12 შეხვედრაში დამარცხდა

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ საშინელ ფორმაში იმყოფება. გრეგ პოპოვიჩის ბიჭებს 3 ნოემბრის შემდეგ არ მოუგიათ და ზედიზედ 12 შეხვედრა წააგეს. გამთენიისას, ტექსასელები მოქმედ ჩემპიონს, „დენვერ ნაგეთსს“ დაუპირისპირდნენ და 120:132 დამარცხდნენ.

„დენვერმა“ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მატჩის ბოლო მეოთხედი პრაქტიკულად ფორმალობა გახლდათ. „ნაგეთსი“ გადამწყვეტი პერიოდის წინ 23 ქულით იგებდა და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია.

„მამუ“ თამაშში მეოთხე მეოთხედში ჩაერთო, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და მისი გუნდი 20 ქულით აგებდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 6 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და მის ანგარიშზე 2 ასისტი და 1 ჩაჭრაა. მამუკელაშვილს მეტოქის ფარისთვის არ შეუტევია და ერთხელ დაჯარიმდა.

„დენვერის“ რიგებში ბრწყინვალე იყო ნიკოლა იოკიჩი, რომელმაც 39 ქულა, 11 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მაიკლ პორტერ ჯუნიორმა მატჩი 25 ქულით დაასრულა, რეჯი ჯექსონმა აქტივში 20 ქულა ჩაიწერა. „სან ანტონიოს“ ვიქტორ ვემბანიამამ ულიდერა - 22 ქულა, 11 მოხსნა, 6 ჩაჭრა, 4 ბლოკი. დევინ ვესელს 19 ქულა ჰქონდა, მალაკაი ბრენჰემს - 15.

ამრიგად, „სან ანტონიოს“ 3 მოგება და 14 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა. ტექსასელთა მომდევნო გაჩერება „ატლანტა ჰოუქსია“, რომელსაც 1-ელ დეკემბერს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შოუ ზივზივაძის შესრულებით - გერმანული გამოცემა ქართველ ფორვარდზე წერს
შოუ ზივზივაძის შესრულებით - გერმანული გამოცემა ქართველ ფორვარდზე წერს