გიორგი მიქაუტაძე, კახა ცხადაძე, თემურ ქეცბაია, ოთარ კაკაბაძე, საბა საზონოვი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

შესაძლოა ისე დაითრგუნოს, ღამე არ ეძინოს - ცხადაძემ საზონოვზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელებმა თემურ ქეცბაიამ და კახა ცხადაძემ გადაცემა „ტაიმაუტში’’ ვილი სანიოლის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებზე ისაუბრეს.

კახა ცხადაძე: „ყველაზე მთავარი პრობლემები ფლანგის მცველების დაცვითი ფუნქციების შესრულება და საყრდენი ზონაა. რაც ჯაბა კანკავა ნაკრებიდან წავიდა, ასეთი ფეხბურთელი, რომელსაც დაცვითი ფუნქციების შესრულება კარგად შეუძლია, არ გვყავს.

როცა სამი ცენტრალური მცველით ვთამაშობთ, ცენტრალური მცველები უფრო აქტიურები უნდა იყვნენ, მათგან უფრო მეტი ინიციატივა უნდა მოდიოდეს. უფრო ხისტები უნდა იყვნენ, უფრო მეტი სამუშაო უნდა შეასრულონ. ჩემი გაგებით ასეა.

სანიოლმა ერთი, რაც სწორად გააკეთა, მიქაუტაძეს ნდობა გამოუცხადა. უთამაშებლობის მიუხედავად სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა.

ბოლო ორ მატჩში კაკაბაძე ძალიან მომეწონა. ამ სქემაში ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში.

საზონოვმა ნაკრებში მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრებში ითამაშა,  ასეთ მატჩში მისი პირდაპირ სასტარტოში დაყენება სწორი არ იქნება. გამოცდილება არ ეყოფა და შესაძლოა ფსიქოლოგიურად ისე დაითრგუნოს, რომ თამაშამდე ღამე არ ეძინოს. ჩემი აზრით, ასეთ მატჩებში ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ფიზიკური მომზადება, სათამაშო პრაქტიკა და ფსიქოლოგიური მზადყოფნა. ახალგაზრდა ფეხბურთელი ასეთი მატჩისთვის ფსიქოლოგიურად მომზადებული ვერ იქნება''.

თემურ ქეცბაია: „კვარაცხელიას არყოფნა ნაკრებისთვის დიდი დანაკლისია, თუმცა თუ ევროპის ჩემპიონატზე თამაში გვინდა, თბილისში უნდა მოვიგოთ.

თუ სანიოლმა საზონოვი ამ ბოლო თამაშებში არ გამოიყენო, ეს იმას ნიშნავს, რომ ფლეი-ოფში მის თამაშს არ აპირებს. ეს ნიშნავს, რომ სანიოლს ჰყავს ის ფეხბურთელები, ვისაც ენდობა და დაეყრდნობა. საზონოვი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ თავის გუნდში არ თამაშობს. ასევე, ეროვნულ ნაკრებშიც რამდენიმე მატჩი ჩაატარა, მეტწილად ამხანაგურებში ითამაშა. ალბათ, მწვრთნელი თვლის, რომ ესეთი დონის მატჩებისთვის მზად არაა''.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ნახევარფინალს 21 მარტს საკუთარ მოედანზე ლუქსემბურგთან გამართავს. თუ საქართველოს ნაკრები ამ მატჩს მოიგებს, ფინალი თბილისშში გაიმართება და სანიოლის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე საბერძნეთი ან ყაზახეთი იქნება. საკუთარ კედლებში თამაში დიდი უპირატესობაა, თუმცა ამ შესაძლებლობას გამოყენება სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები