კარგ ფორმას უბრუნდება - კრაკოვიას მწვრთნელმა კაკაბაძეზე ისაუბრა
პოლონური „კრაკოვიას’’ მთავარმა მწვრთნელმა იაცეკ ჟელინსკიმ პოლონეთის მოქმედ ჩემპიონ „რაკუვთან’’ შეხვედრის წინ ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის ოთარ კაკაბაძის სანაკრებო მატჩებზეც. ჟელინსკის თქმით, ქართველმა ფეხბურთელმა შოტლანდიასთან და ესპანეთთან თავი კარგად წარმოაჩინა.
იაცეკ ჟელინსკი: „ოთარ კაკაბაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ორივე მატჩი სასტარტოში 90 წუთი ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ბოლოს მაინც დამარცხდა, კაკაბაძემ აჩვენა, რომ კარგ ფორმას უბრუნდება. ამ სანაკრებო შეხვედრებში კარგად ითამაშა''.
ოთარ კაკაბაძემ სეზონის სტარტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოტოვა, მოედანს მე-12 ტურში „პუშჩასთან’’ დაუბრუნდა. მთავარმა მწვრთნელმა იაჩეკ ჟელინსკიმ ამ შეხვედრაში ცვლილებაზე ათამაშა, მე-60 წუთზე ჩართო თამაშში. მას შემდეგ „კრაკოვიამ’’ ექსტრაკლასაში სამი მატჩი ჩაატარა, კაკაბაძე სასტარტოში რეგულარულად ხვდება. ასე რომ ჟელინსკი ქართველ მარჯვენა მცველს ენდობა. „კრაკოვია'' „რაკუვს'' სტუმრად ხვალ, 25 ნოემბერს შეხვდება. დიდი ალბათობით, კაკაბაძე სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს.
ოქტომბერში, როცა კაკაბაძე ტრავმირებული იყო, „კრაკოვიას'' ლეგენდამ ანდჟეი მიკოლაიჩიკმა კაკაბაძის შესახებ შემდეგი რამ თქვა:
„ოთარ კაკაბაძე და მატიას ჰებო რასმუსენი დიდი ხანია ტრავმირებულნი არიან, რაც შედეგებზე უარყოფითად აისახება. მათ დაბრუნებას ველოდები’’
27 წლის ოთარ კაკაბაძეს „კრაკოვიასთან'' კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ამ სეზონში ოთომ ტრავმის გამო პოლონეთის ჩემპიონატში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა. ასევე, ერთხელ პოლონეთის თასზე ითამაშა.