„დაცვაში შესანიშნავად თამაშობს“ | ორლანდო მეჯიქის თავკაცი ბითაძეს აქებს
„ორლანდო მეჯიქის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯამალ მოზლიმ გოგა ბითაძეზე ისაუბრა. ფლორიდული გუნდის თავკაცმა ქართველი ცენტრი შეაქო და განაცხადა, რომ გოგა განსაკუთრებით დაცვაში თამაშით გამოირჩევა.
„მომწონს, რომ საკუთარი თავის რწმენა აქვს და თავდაჯერებული თამაშობს. მომწონს, რომ პარკეტზე ყოფნით ბედნიერია და გუნდს სიმტკიცეს სძენს. გოგა დაცვაში შესანიშნავად მუშაობს და პიკ ენდ როლისას, მისი დაცვა მაღალ დონეზეა. მეტოქე გუნდის გამთამაშებელს არ კარგავს, შემდეგ კი თავის კაცზე ბრუნდება და სამწამიანს ბრწყინვალედ იცავს.
გოგას მაღალი საკალათბურთო ინტელექტი აქვს. სწავლობს, მუშაობს და მწვრთნელებს ესაუბრება, რომლებიც შესანიშნავად უხსნიან, პარკეტზე რის გაკეთებაა საჭირო. ამის გამო, საქებარ სიტყვებს, როგორც ბითაძე, ისე ორლანდოს მწვრთნელები იმსახურებენ“.
შეგახსენებთ, რომ უენდელ კარტერ ჯუნიორის ტრავმის შემდეგ, ბითაძე ძირითადი შემადგენლობის ცენტრი გახდა და კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მიმდინარე რეგულარულში გოგა პარკეტზე თითქმის 20 წუთს ატარებს და საშუალოდ 6.8 ქულას, 6.1 მოხსნას, 1.5 შედეგიან გადაცემას, 0.9 ჩაჭრასა და 1.6 დაფარებას აგროვებს.