„მაყურებლის ძალა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება“ | იაშვილი წილისყრის შედეგებზე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეიოფის წილისყრის შედეგებზე ისაუბრა. ლუქსემბურგის ეროვნული გუნდის დამარცხების შემთხვევაში, „ჯვაროსნები“ ფინალურ შეხვედრასაც საკუთარ კედლებში გამართავენ და „დინამო არენაზე“ საბერძნეთს ან ყაზახეთს დაუპირისპირდებიან.
„ერთა ლიგაზე მთელი კონცენტრაციის გადატანა განპირობებული იყო იმით, რომ ყველა თამაში მოგვეგო, საუკეთესო გუნდი ვყოფილიყავით და ნახევარფინალის საშინაო კედლებში ჩატარების უპირატესობა მოგვეპოვებინა. ლუქსემბურგი ძალიან კარგი გუნდია და ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი შესანიშნავად ითამაშა.
ვფიქრობ, მაყურებლის ძალა უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება და ჩვენი გუნდისა და ჩვენი ბიჭების მჯერა. მჯერა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნახევარფინალში გავიმარჯვოთ და ფინალში გავიდეთ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ფინალიც საქართველოში იქნება და მაქსიმუმ უნდა გავიღოთ, რათა ოცნება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია, ყველამ ერთად ავიხდინოთ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების დაპირისპირება 21 მარტს გაიმართება და თამაშის დაწყების ზუსტი დრო მალე გაირკვევა.