„ფანტასტიკური ქომაგები გვყავს, ლუქსემბურგი რთული მეტოქეა“ - რა თქვა სანიოლმა წილისყრაზე
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეიოფის წილისყრის შედეგებზე ისაუბრა. ლუქსემბურგის ეროვნული გუნდის დამარცხების შემთხვევაში, „ჯვაროსნები“ ფინალურ შეხვედრასაც საკუთარ კედლებში გამართავენ და „დინამო არენაზე“ საბერძნეთს ან ყაზახეთს დაუპირისპირდებიან.
„საქართველოში ფანტასტიკური გულშემატკივრები გვყავს და რა თქმა უნდა, მათი წყალობით, გასვლით და საშინაო თამაშებს შორის უდიდესი განსხვავება იქმნება. არ მინდა, ფინალზე ზედმეტად დიდი ყურადღება გავამახვილო, რადგან პირველ რიგში, ნახევარფინალზე უნდა ვისაუბროთ და შემდეგ - ფინალზე.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლუქსემბურგს საკუთარ კედლებში ვეთამაშებით. დარწმუნებული ვარ, სტადიონი სავსე იქნება და ფანტასტიკური ატმოსფერო შეიქმნება. ბედნიერი ვარ, ჩვენი ქომაგების გამო, რადგან სტადიონზე მოსვლა შეეძლებათ და ოჯახური და პოზიტიური ატმოსფერო შეიქმნება.
10-15 წლის წინ, ლუქსემბურგი ევროპულ საფეხბურთო სამყაროში პატარა ქვეყნად მიიჩნეოდა, მაგრამ ბოლო 10 წელიწადში, მათ ძალიან კარგი სამუშაო გასწიეს და ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც კარგ და ტოპ კლუბებში თამაშობენ. მაგალითად, შეგვიძლია, გერმანული და იტალიური კლუბები მოვიყვანოთ. ლუქსემბურგი რთული მეტოქე იქნება, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ქართველი ქომაგების მხარდაჭერა გვექნება და გამარჯვების გარდა, სხვა შედეგი არ წარმომიდგენია“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების დაპირისპირება 21 მარტს გაიმართება და თამაშის დაწყების ზუსტი დრო მალე გაირკვევა.