ESPN: “ჩელსი ხვიჩასთვის ბრძოლაში ჩაერთო“
ავტორიტეტული გამოცემა ESPN საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით ევროპული გრანდები არიან დაინტერესებული.
რას წერს ESPN?
„მანჩესტერ სიტი“, მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“ , „ჩელსი“ და „ნიუკასლი“ დაინტერესებული არიან იმ ფეხბურთელის გადაბირებით, რომელმაც გასულ სეზონში 43 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა. საუბარი „ნაპოლსი“ გარემარბზე ხვიჩა კვარაცხელიაზეა.
„ჩელსის“ სტრატეგია ყველაზე დიდ თანხვედრაშია ხვიჩასთან, რადგან „არისტოკრატები“ ახალგაზრდული გუნდის ჩამოყალიბებას ცდილობენ. ამის პარალელურად, „ნაპოლი“ ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევს ნებისმიერ შეთავაზებას, რადგან ქართველ ფეხბურთელს თავის გუნდთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ასევე ამბობენ, რომ ხელშეკრულების გახანგრძლივების პროცესი დადებითად მიმდინარეობს.
ცნობილია, რომ კვარაცხელიას ფასი 100 მილიონ ევროზე მეტია და ეს „არისტოკრატებისთვის“ პრობლემა არ არის, თუმცა თავს ფეარ პლეის წესები იჩენს და „ლურჯებს“ კვარას შეძენის საკმაოდ მცირე შანსი ექნებათ. გარდა ამისა, „ჩელსის“ ბიუჯეტი დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებენ, თუ არა რომელიმე ევროპულ ტურნირზე გასვლას.
მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, „ნაპოლის“ კიდევ ერთ ფეხბურთელს ვიქტორ ოსიმენს აკვირდება. ლონდონელების სიაში „ბრენტფორდის“ თავდამსხმელი ივან ტონიც გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ასევე შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნების“ ვარსკვლავმა ესპანეთთან მატჩის დროს ყვითელი ბარათი მიიღო, რაც მისთვის ზედიზედ მესამე იყო და ამის გამო ერთა ლიგის ნახევარფინალს ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამოტოვებს.