ექიმების დაუდევრობა - ნეიმარი პსჟ-ში ტერფის სტრესული მოტეხილობით გადავიდა
ნეიმარი, რომ ტრავმებისკენ არის მიდრეკილი ეს ახალი არავისთვისაა. ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს კარიერაში არაერთი სერიოზული დაზიანება მიუღია, თუმცა დღეს სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა.
Goal.Com მეტად საინტერესო ამბავს გვიყვება. როგორც აღმოჩნდა, ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრავმიანობის წინასწარმეტყველება შესაძლებელი იყო, რადგან ის პარიზში ტერფის სტრესული მოტეხილობით ჩავიდა.
ნეიმარი „პარი სენ ჟერმენში“ 2017 წელს დღემდე რეკორდული თანხის 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მისი ტრანსფერი წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მან ევრო ასპარეზზე ფრანგულ გიგანტს წარმატება ვერ მოუტანა, ხოლო ლიგა 1-ში მის გარეშეც აღწევდნენ წარმატებას. მეტწილად, ეს ყველაფერი შეიძლება მის ტრავმების სიმძიმეს და სიხშირეს დავაბრალოთ.
Goal.Com L’Equipe-ზე დაყრდნობით წერს, რომ ბარსას ყოფილი შემტევი საფრანგეთის დედაქალაქში ტერფის სტრესული მოტეხილობით გადავიდა. კონკრეტულად კი მარჯვენა ფეხის მეხუთე მეტატარსალზე. იგივე მოტეხილობა ნეიმარმა 2018 წლის თებერვალში და 2019 წლის იანვარში მიიღო. სწორედ ამის გამო გასული წლის მარტში ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ოპერაცია გაიკეთა.
აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ სამედიცინო შემოწმების გავლის დროს, ფრანგმა ექიმებმა უყურადღებობა გამოიჩინეს და ამ ყველაფრის არიდება შესაძლებელი იყო. ნეიმარმა „პარი სენ ჟერმენში“ 100-ზე მეტი შეხვედრა გამოტოვა და კლუბთან ურთიერთობა გულშემატკივრებთან ჩხუბით დასრულდა. დღეს, 31 წლის მოთამაშე „ალ ჰილალის“ ღირსებას იცავს, თუმცა ამ მომენტისთვის კვლავ ტრავმირებულია.