ლიონელ მესი, ნიკოლას ოტამენდი
Aa
Aa

42 ჯარიმა, ჩხუბი ტრიბუნებზე და დაგვიანებული სტარტი | არგენტინამ ბრაზილიას მოუგო

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბრაზილიის ნაკრები ზედიზედ მესამედ დამარცხდა. „სელესაომ“ „მარაკანაზე“ მოსისხლე მტერს, არგენტინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით წააგო - 0:1.

მატჩი თბილისის დროით, 04:30-ზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ტრიბუნებზე მომხდარი ჩხუბის გამო, შეხვედრის სტარტი 27 წუთით დაგვიანდა. ქვეყნების ჰიმნების შესრულებისას, სექტორში, სადაც მასპინძელთა და სტუმართა გულშემატკივრებს შორის გამყოფი არ არსებობდა, არეულობა დაიწყო. ბრაზილიელი და არგენტინელი ქომაგები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და საქმეში პოლიცია ჩაერთო.

სამართალდამცველებმა ხელკეტები გამოიყენეს და „ალბისელესტეს“ ფანების წინააღმდეგ განსაკუთრებული აგრესია გამოიჩინეს. ისინი მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და სერიოზული დაზიანებები მიაყენეს. სიტუაციის დასამშვიდებლად ტრიბუნებთან ბრაზილიელთა კაპიტანი, მარკინიოსი და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ.

„ალბისელესტეს“ მოთამაშეებმა პოლიციის ქმედებები გააპროტესტეს და გულშემატკივრების დაწყნარება სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, რის შემდეგაც, გუნდის კაპიტანმა, ლიონელ მესიმ თანაგუნდელებს მინდვრიდან გასვლისკენ მოუწოდა.

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა მოედანი დატოვეს და გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში გადაინაცვლეს. ისინი რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდნენ და როგორც აღვნიშნეთ, მატჩი თბილისის დროით, 04:57-ზე დაიწყო. მომხდარის გამო, ყოველ ჯერზე, როცა მესი ბურთს ეხებოდა, მას მთელი „მარაკანა“ უსტვენდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა. გუნდებმა საერთო ჯამში, წესები 42-ჯერ დაარღვიეს და 81-ე წუთზე, ჟოელინტონმა წითელი ბარათიც მიიღო. მატჩის ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი ნიკოლას ოტამენდი გახლავთ.

ცნობისთვის, ბრაზილიას 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს. არგენტინა 15 ქულით პირველია და მომდევნო შეხვედრა ჩილესთან ელის.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეოთხე კალათბურთელი, ვინც ეს გააკეთა | გოგას მაგარი მატჩი ტორონტოსთან
მეოთხე კალათბურთელი, ვინც ეს გააკეთა | გოგას მაგარი მატჩი ტორონტოსთან