ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

სანიოლი: ქართველი ფეხბურთელები ეროვნული ნაკრებით ცხოვრობენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა Footmercato-სთან ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, ერთ-ერთი კითხვის პასუხიდან გამომდინარე ჩანს, რომ ფრანგ სპეციალისტს საქართველოს ისტორიაზე გარკვეული ინფორმაცია აქვს. ვილი აღნიშნავს, რომ ქართველებისთვის ნაკრების მაისურით თამაში ძალიან მნიშვნელოვანია.

- თქვენ ყოველდღიურად ფეხბურთელებს აკვირდებით. ამჟამად, ისეთ მოთამაშეს ხედავთ, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად თამაში შეუძლია? ასევე, რას ფიქრობთ ნაკრებში ხვიჩას თამაშზე?

- არა, ახლა ასეთ ფეხბურთელს ვერ ვხედავ. როცა კვარა ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, დარწმუნებული ვარ გამარჯვების უფრო დიდი სურვილი აქვს ვიდრე „ნაპოლიში’’. ქართველი ფეხბურთელები ეროვნული ნაკრებით ცხოვრობენ. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, ისტორიულად თავს ესხმოდნენ მონღოლები, ოსმალები, შემდეგ სსრკ-ს შემადგენლობაში შედიოდა. ამ ქვეყანამ ბევრი რამ გადაიტანა და დღეს ამ ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაში საამაყოა. იქ ნაკრებში თამაში უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მაგალითად საფრანგეთში, გერმანიაში ან ინგლისში. ქართველებს ნაკრებთან განსაკუთრებული კავშირი აქვთ.

- 2021-22 წლებში 11-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია გქონდათ და საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფურცელი ჩაწერეთ...

- შესაძლოა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შექმნიდან ერთ-ერთი საუკეთესო ფურცელია, თუმცა მე არ ვარ ის, ვინც წერს, კალამიც არ მაქვს (იცინის). მწვრთნელი ვარ და ჩემს საქმეს ვასრულებ. ამ შედეგით ვამაყობ, სჯობს კმაყოფილებმა დავიძინოთ ვიდრე უკმაყოფილების საფუძველი გვქონდეს. ეს წარმატება ჩემი დამსახურება არაა, ეს ქვეყნის დამსახურებაა, რადგან საქართველოში ნაკრების თამაშზე სტადიონი ყოველთვის ივსება. წარმატება მათი დამსახურებაა.

მსგავსი სიახლეები