იაშვილი: ბოდიშს ვიხდი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ
სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელმა ალექსანდრე იაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდთან ვრცელი კომენტარი გააკეთა.
ალექსანდრე იაშვილი: "ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა ეროვნული ნაკრები შეცდომაში შეიყვანა არსებულ რეგულაციასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად დაუშვებელია! 21 მარტს მოედანზე ხვიჩას არყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის, ფედერაციისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის.
წლების განმავლობაში, თქვენი მხარდაჭერით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ დასახული მიზნისკენ, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. მიუხედავად ეროვნული ნაკრების მენეჯმენტის თავდაუზოგავი შრომისა, კონკრეტულმა პირმა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა დაუშვა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ბოდიშს ვიხდი და მე, როგორც სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.
დღეს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ერთიანობის შენარჩუნება და მარტის გადამწყვეტი თამაშისთვის მომზადება. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, მჯერა ჩვენი გუნდის ერთიანობის, მისი ძალის და მწამს რომ აუცილებლად დავამარცხებთ ლუქსემბურგის ნაკრებს, გავალთ ფლეი-ოფის ფინალში, სადაც სანუკვარ ოცნებას უკვე ხვიჩასთან ერთად შევეჭიდებით და ავიხდენთ."
ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის დასკვნით ტურში ესპანეთის ნაკრებთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მესამე ყვითელი მიიღო და შესარჩევი ციკლის ფლეი-ოფის ნახევარფინალს ლუქსემბურგთან გამოტოვებს. დისკვალიფიკაციის საკითხი მატჩის შემდეგ გაირკვა, თუმცა მატჩამდე ამ საკითხზე ხვიჩა კვარაცხელია ინფორმირებული არ იყო, მან არ იცოდა, რომ თუ ესპანეთთან მესამე ყვითელ ბარათს მიიღებდა, ფლეი-ოფის თამაშის გამოტოვება მოუწევდა. ეს ვითარება აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებელი პირის შეცდომა განაპირობა. ესპანეთთან მატჩის შემდეგ გაირკვა, რომ სამი ყვითელი ბარათის მიღებით არსებული ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ფლეი-ოფსაც ეხებოდა.
ფლეი-ოფის ნახევარფინალი 21 მარტს თბილისში გაიმართება. თუ საქართველოს ნაკრები ფინალში გავა, ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს. ფინალში გასვლის შემთხვევაში საქართველოს მეტოქე ყაზახეთი ან საბერძნეთი იქნება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა.
დავით მუჯირი: როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დარჩენილი ბოლო 3 საგზურიდან ერთ-ერთის მოსაპოვებლად მარტში საქართველო იბრძოლებს. 21 და 26 მარტს, გველის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრები და როგორც ვიცით დანამდვილებით, 21 მარტს, თბილისში, ვუმასპინძლებთ ან ლუქსემბურგს, ან აზერბაიჯანის ნაკრებს და ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს გველის. 23 ნოემბერს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა თუ რომელი ნახევარფინალის გამარჯვებული იქნება მასპინძელი ფინალურ შეხვედრაში და უნდა ვისურვოთ, რომ ფინალის მასპინძელი ჩვენი ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული იყოს, რადგან ჩვენი გუნდი უფრო ძლიერია იმ გულშემატკივართან ერთად, რომელიც მას დინამო არენას ტრიბუნებიდან ამხნევებს ხოლმე. სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გუნდს ნებისმიერი შემთხვევაში აქვს იმის რესურსი, ნახევარფინალში გაიმარჯვოს, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში ითამაშოს და გადამწყვეტ მატჩში უკვე ხვიჩასთან ერთად შევძლოთ იმ ოცნების ახდენა, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ქვია''.