Opta-ს პროგნოზი სერია A-ზე | რომელ ადგილებზე გავლენ ქართველთა კლუბები
ცნობილი სტატისტიკური სააგენტოს, Opta-ს სუპერკომპიუტერმა სერია A-ს 2023/24 წლების სეზონის საბოლოო სატურნირო ცხრილი ივარაუდა. Opta-ს მიხედვით, „სკუდეტოს“ დასაკუთრების ფავორიტი „ინტერია“ და „ნერაძურის“ ჩემპიონობის შანსი 84.8 პროცენტია.
მეორე ადგილზე „იუვენტუსი“ იმყოფება. „ბიანკონეროს“ საჩემპიონო შანსი 11.8 პროცენტი გახლავთ, „ბებერ ქალბატონს“ კი „მილანი“ (2.2%) და „ნაპოლი (1.2%) მოჰყვებიან. Opta-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი სავარაუდოდ, მე-3 ან მე-4 ადგილს დაიკავებს (მესამეზე - 26.1%, მეოთხეზე - 26.5%).
სხვა ქართველი ფეხბურთელების კლუბებს რაც შეეხებათ, Opta-ს ვარაუდით, საბა საზონოვის „ტორინო“ მე-11 ადგილზე გავა, გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ - მე-14-ზე, სერია A-დან კი „ვერონა“, „კალიარი“ და „სალერნიტანა“ გავარდებიან.
შეგახსენებთ, რომ 12 ტურის შემდეგ, „ინტერი“ 31 ქულით პირველ ადგილს იკავებს. „იუვენტუსი“ 29 ქულით მეორეა, „მილანი“ და „ნაპოლი“ კი 23 და 21 ქულით მესამე-მეოთხე პოზიციებზე იმყოფებიან. საბა საზონოვის ტორინო 16 ქულით მე-11 ადგილზეა, „ფროზინონეს“ კი 15 ქულა აქვს და მე-12 გახლავთ.