გატუზოს შემადგენლობის გაძლიერება სურს | ერთ-ერთი ვარიანტი მიქაუტაძეა
„მარსელის“ მთავარ მწვრთნელს, ჯენარო გატუზოს შემადგენლობის გაძლიერება უნდა. იტალიელ სპეციალისტს სურს, კლუბმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ორი ფეხბურთელი დაიმატოს და მარცხენა მცველი და შემტევი გაიფორმოს.
La Tribune Olympienne-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი, ვის გადაბირებაზეც „მარსელი“ ფიქრობს, „აიაქსის“ ქართველი თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძეა. ამსტერდამული კლუბი მზადაა, მიქაუტაძე იჯარის წესით გაუშვას და მას რამდენიმე მსურველი ჰყავს, რომელთა რიგებსაც „მარსელიც“ შეემატა.
La Tribune Olympienne-ის მიხედვით, ფრანგული კლუბი გიორგის გარშემო შექმნილ ვითარებას აკვირდება და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოლოდინშია. „მარსელის“ გარდა, მიქაუტაძე ახლო წარსულში „ლაციოს“, „მეცსა“ და „ლიონს“ დაუკავშირეს.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, მიქაუტაძემ „აიაქსის“ მაისურით 6 შეხვედრა ჩაატარა და საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე სულ 223 წუთი გაატარა და ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრაქტიკულად არ უთამაშია.