ხრისტო სტოიჩკოვი: „ჯუდ ბელინგემს Golden Boy-ის ჯილდო არ უნდა მოეგო“
ლეგენდარულმა ბულგარელმა ფეხბურთელმა, ხრისტო სტოიჩკოვმა Golden Boy-ის წლევანდელ დაჯილდოებაზე ისაუბრა. სტოიჩკოვმა Tuttosport-ის ჟიურის პოზიცია არ გაიზიარა და განაცხადა, რომ წლეულს ეს ჯილდო ჯუდ ბელინგემს არ უნდა მოეგო.
„ბელინგემის მნიშვნელობას ეჭვქვეშ არ ვაყენებ და ის მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ტალანტია. ის ოსტატობითა და გონიერებით გამოირჩევა. ვფიქრობ, ბელინგემი საკუთარ თავში ლაუდრუპის, კაკასა და ახალგაზრდა პოგბას უნარებს აერთიანებს და მომავალი მას ეკუთვნის. ჯუდი ოქროს ბურთისთვის იბრძოლებს და ჰოლანდსა და მბაპეს წინააღმდეგობას გაუწევს, მაგრამ რა მოიგო 2023 წელს დორტმუნდში და რეალში?
გასულ სეზონში, დორტმუნდი ბაიერნს 2 ქულით უსწრებდა და ბოლო ტურში მაინცს შეხვდა, ბაიერნი კი კიოლნს დაუპირისპირდა. რა მოხდა ბოლო 5 წუთში? ტუხელმა ჯამალ მუსიალა შეიყვანა და მან ანგარიში 3:2 გახადა, დორტმუნდმა კი ვერ გაიტანა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა, რის გამოც, ჩემპიონობას დაემშვიდობა.
ვის გადავცემდი ჯილდოს? გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედი გამარჯვებული გავია და ზედიზედ მეორედ მას ვერ გამოვარჩევთ, საუკეთესოს სტატუსს მუსიალას ან ბალდეს მივცემდი“.
შეგახსენებთ, რომ დაჯილდოების ცერემონია 4 დეკემბერს გაიმართება და პრესტიჟულ ჯილდოს მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს ოფიციალურად გადასცემენ.