„მისი სეივებისას ჟრუანტელმა დამიარა“ - ესპანელი ჟურნალისტი მამარდაშვილზე საუბრობს
ესპანელმა ჟურნალისტმა, მანოლო მონტალტმა საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრას სტატია მიუძღვნა. მონტალტმა საკუთარი ნამუშევარი Plaza Deportiva-ს ვებგვერდზე გამოაქვეყნა და „ვალენსიას“ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს, რომელსაც „ფურია როხასთან“ რამდენიმე შესანიშნავი სეივი ჰქონდა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო.
„უნდა ვაღიარო, რომ ტელევიზორის ეკრანთან ყოფნისას, რომელშიც ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების თამაშს ვუყურებდი, გიორგი მამარდაშვილის ყოველი სეივისას ტანში ჟრუანტელი მივლიდა. ვალენსიას პრეზიდენტის, პიტერ ლიმის მონეტიზაციისადმი დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, ცუდი ამბავია, რომ მარგალიტი, რომელსაც ღამურები ძალიან უფრთხილდებიან, საფეხბურთო სამყარომ გაიცნო. ამ შეხვედრისას იყო მომენტი, როცა დავფიქრდი და დავწერე: „მამარდაშვილის კიდევ სამი სეივი და იანვარში დებატების გამართვა მოგვიწევს თუ ვინ უნდა ჩადგეს კარში: ხაუმე თუ რომერო“.
ვალენსია გახდა საზარელი ურჩხული, რომლის გულშემატკივრებსაც ეშინიათ, მათმა ფეხბურთელმა სანაკრებო პაუზის დროს არ გაიბრწყინოს. იმის ნაცვლად, რომ ქომაგებმა ღამურების წარმომადგენელთა ასპარეზობით იამაყონ, ყველა ხვდება, რომ ნაკრებში კარგი თამაში პიტერ ლიმის თვალებს დოლარის ნიშნის დანახვის საშუალებას აძლევს“, - წერს ესპანელი ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა საქართველო 3:1 დაამარცხა, მაგრამ მამარდაშვილმა რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია და საკუთარი გუნდი უფრო დიდ წაგებას გადაარჩინა.