ვალენსიას სატრანსფერო გეგმები | მამარდაშვილის გაყიდვას ზაფხულში აპირებენ
ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა, ანხელ გარსიამ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ სატრანსფერო გეგმებზე დაწერა. ესპანურ პრესაში რამდენჯერმე დაიწერა, რომ „ღამურებს“ ქართველი მეკარის გაყიდვა გადაწყვეტილი აქვთ და ეს გარსიამაც დაადასტურა.
„მესტალიის“ ბინადრები აპირებენ, მამარდაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გაასხვისონ და მიღებული თანხა მისი შემცვლელის შესაძენად გამოიყენონ. „ჩე“ რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს და სავარაუდო შემცვლელთა რიგებს „ლეგანესის“ გოლკიპერი შეემატა.
გარსიას ინფორმაციით, „ვალენსიამ“ თვალი დიეგო კონდეს დაადგა. ეს უკანასკნელი 25 წლის ესპანელი გოლკიპერია, რომელიც „კიტრის მწარმოებლების“ ნომერ პირველი მეკარეა და მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 14 შეხვედრაში აქვს მიღებული, გოლი კი 8-ჯერ არ გაუშვა.
საინტერესოა, რომ Transfermarkt-ზე კონდეს სატრანსფერო ღირებულება 500 000 ევროა, რაც ნიშნავს, რომ „ვალენსიას“ მის სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდა არ მოუწევს. „ღამურებისთვის“ ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და „მესტალიაზე“ იმედი აქვთ, რომ მამარდაშვილის სანაცვლოდ მიღებული 25-30 მილიონის დიდ ნაწილს კლუბის ფინანსური ანგარიშების დასაბალანსებლად გამოიყენებენ.