4 დაფარება და +21 | გოგას კარგი მატჩი და გამარჯვება ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ ქართველი კალათბურთელის ყოფილ გუნდს, „ინდიანა პეისერსს“ დაუპირისპირდა. ამ მატჩს დამატებითი ინტრიგა ახლდა, რადგან NBA-ში საუკეთესო დაცვის მქონე „მეჯიქი“ ნომერ პირველი შეტევის მქონე „პეისერსს“ შეხვდა. ფლორიდელებმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს და „ინდიანას“ 128:116 სძლიეს.
„ორლანდომ“ მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველ ნახევარში გადაწყვიტა. „მეჯიქმა“ საწყისი მეოთხედი 42:21 მოიგო, დიდ შესვენებაზე კი 34-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 78:44. „პეისერსის“ მაქსიმუმი გამანადგურებელი ანგარიშის თავიდან არიდება აღმოჩნდა და „მეჯიქმა“ 12 ქულით იმარჯვა.
გოგა ბითაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პროდუქტიული გახლდათ. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 22 წუთი და 23 წამი გაატარა და აქტივში 8 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 4 დაფარება ჩაიწერა. ბითაძემ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. როცა გოგა პარკეტზე იყო, მისმა გუნდმა მეტოქეზე 21-ით მეტი ქულა დააგროვა, რაც „მეჯიქის“ რიგებში ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებელია. ამ მხრივ, ბითაძეზე უკეთესი შედეგი მხოლოდ პაოლო ბანკერომ და ფრანც ვაგნერმა დააფიქსირეს.
„ორლანდოს“ 24 ქულით სწორედ ბანკერომ ულიდერა. ფრანც ვაგნერს 19 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა. ჯეილენ საგსმა 18 ქულა დააგროვა, კოულ ენტონიმ კი გუნდს 15 ქულა, 5 მოხსნა და 3 ასისტი შესძინა. „ინდიანას“ მაისურით ყველაზე მეტი, 19 ქულა ჯორდან ნვორას ანგარიშზეა. ტაირიზ ჰალიბერტონმა 12 ქულა გაიფორმა, ბენედიქტს მატურინმა - 14.
ცნობისთვის, „ორლანდომ“ ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 გახლავთ. ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 22 ნოემბერს გამართავს და საკუთარ კედლებში „ტორონტო რეპტორსს“ დაუპირისპირდება.