ხოსე გაია, ფერან ტორესი
Aa
Aa

„საქართველომ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია“ - ესპანელები მატჩის შემდეგ

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები სტუმრად ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა. ვილი სანიოლის გუნდიდან ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, „ფურია როხადან“ კი თავი ლე ნორმანმა და ფერან ტორესმა გამოიჩინეს, მესამე გოლი კი საკუთარ კარში ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ესპანელმა ფეხბურთელებმა განვლილი მატჩი შეაფასეს და საქართველოს ნაკრები შეაქეს.

ფერან ტორესი (მატჩის MVP):

პირველ რიგში გეტყვით, რომ გავის ტრავმის გამო თავს ძალიან ცუდად ვგრძნობთ და იმედს ვიტოვებთ, რომ მალე გამოჯანმრთელდება. ის მეომარია და გვჯერა, რომ ამ მდგომარეობას გადალახავს. ვცდილობ, რომ გუნდელები რაც შეიძლება მეტი პასით მოვამარაგო. დღეს ლე ნორმანი იყო, იმის წინ მორატა. ჯანსაღი გუნდი გვყავს და დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

ხოსე ლუის გაია:

ყველა გავის გვერდით ვართ. მწარე გრძნობაა, რადგან ჯერ მხოლოდ 19 წლისაა. ასაკის მიუხედავად, ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა და ჩვენი თამაშის სტილის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. დღეს საღამოსვე, ან ხვალ დილით ტესტებს ჩაუტარებენ, ჩვენ კი ვილოცებთ, რომ რაიმე სერიოზული არ იყოს.

ჯგუფი მარცხით დავიწყეთ, მაგრამ პირველ ადგილზე გავედით. ჩვენ ძლიერ გუნდს ვქმნით, თავისი სათამაშო ფილოსოფიით. ეს შედეგებზეც მეტყველებს და გუნდი ზრდას არ წყვეტს. ვაპირებთ, სასურველი მიზნების მისაღწევად მუშაობა გავაგრძელოთ.

მიზანი ჩემპიონობა იქნება. გასულ ევროპირველობაზე ფინალში გასვლასთან ახლოს ვიყავით, ახლა კი ვეცდებით, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ.

ლე ნორმანი:

გასაგებია, რომ ზეიმი ისეთი ვერ იქნება, როგორიც გვინდოდა, რადგან გავის ტრავმა ყველასთვის მძიმე დარტყმაა. გვჯერა, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდება.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გულშემატკივრების წინაშე გოლის გატანა შევძელი. მაგრამ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უნდა გავაუმჯობესოთ. არ ვფიქრობ, რომ ეს იყო საუკეთესო თამაში მას შემდეგ, რაც ეროვნულ ნაკრებში ვარ.

საქართველომ კარგად ითამაშა, გოლის შემდეგ უკან დაიხია, თავს კარგად იცავდა და დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. მაგრამ ჩვენი გეგმით თამაში გავაგრძელეთ და ყველაფერი კარგად დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის 8 ტურში 2 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 4-ში დამარცხდა. სანიოლის გუნდმა სატურნირო ცხრილში 8 ქულა დააგროვა და ბოლოსწინა, მე-4 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ესპანეთს, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა 21 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეორეადგილოსან შოტლანდიას 4 ქულით გაუსწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველო - ესპანეთი | როგორია ფეხბურთელების შეფასებები
საქართველო - ესპანეთი | როგორია ფეხბურთელების შეფასებები