საქართველო - ესპანეთი | როგორია ფეხბურთელების შეფასებები
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები სტუმრად ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა. ვილი სანიოლის გუნდიდან ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, „ფურია როხადან“ კი თავი ლე ნორმანმა და ფერან ტორესმა გამოიჩინეს, მესამე გოლი კი საკუთარ კარში ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა სტატისტიკურმა გვერდებმა ორივე გუნდის ფეხბურთელები შეაფასეს და მატჩის MVP-ს გამოავლინეს.
Flashscore:
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მაღალი შეფასება ხვიჩა კვარაცხელიამ დაიმსახურა, რომელსაც სააგენტომ 7.4 ქულა დაუწერა. კვარას გარდა, 7-ბალიან შეფასებას კიდევ ორმა ფეხბურთელმა მიაღწია: გიორგი ჩაკვეტაძე - 7.1 და ოთარ კაკაბაძე - 7.0. ყველაზე დაბალი შეფასება კი გიორგი მიქაუტაძეს ერგო - 5.9.
ესპანეთის ნაკრებიდან ყველაზე მაღალი შეფასება ფერან ტორესმა დაიმსახურა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა - 8.7.
Whoscored:
ამ სააგენტოს ვერსიით, საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მაღალი შეფასება ხვიჩა კვარაცხელიას ერგო - 7.6. ხვიჩას შემდეგ, სანიოლის გუნდში საუკეთესო გიორგი მამარდაშვილი იყო - 7.1. კიდევ ერთი ფეხბურთელი კი, რომელმაც 7 ქულას მიაღწია, ოთარ კაკაბაძე იყო - 7.0. ყველაზე დაბალი შეფასებები გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა დაიმსახურეს - ორივე 5.8.
შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად კი ფერან ტორესი დასახელდა. Whoscored-ის ვერსიით, ესპანელმა შემტევმა 8.6.
Sofascore:
განსხვავებულია Sofascore-ს შეფასებები. სააგენტოს ვერსიით, საქართველოს ნაკრებში საუკეთესო 7.4 ქულით გიორგი მამარდაშვილი იყო. მის მერე 7.3 ქულით ხვიჩა კვარაცხელია გამოირჩა, შემდეგ კი საუკეთესოდ გიორგი ჩაკვეტაძის თამაში შეფასდა - 7.2. სააგენტოს ვერსიით, ყველაზე დაბალი შეფასება ირაკლი აზაროვმა, ლუკა ლოჩოშვილმა და გიორგი ქოჩორაშვილმა დაიმსახურეს - სამივე მათგანს 6.1 ქულა.
8.8 ქულით შეფასდა ფერან ტორესის თამაში და Sofascore-ის ვერსიითაც, ესპანელი ფეხბურთელი მატჩის MVP-ად დასახელდა.
საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის 8 ტურში 2 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 4-ში დამარცხდა. სანიოლის გუნდმა სატურნირო ცხრილში 8 ქულა დააგროვა და ბოლოსწინა, მე-4 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ესპანეთს, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა 21 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეორეადგილოსან შოტლანდიას 4 ქულით გაუსწრო.