მბაპემ კარიერაში 300 გოლი მესისა და რონალდუზე სწრაფად გაიტანა
საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე რეკორდი დაამყარა. „მამლებმა“ გიბრალტარი არ დაინდეს და მე-18 წუთზე უმცირესობაში დარჩენილი მეტოქე 14:0 გაანადგურა.
კილიან მბაპემ კარიერაში 300 გოლიან ნიშნულს მიაღწია. პსჟ-ს ფორვარდმა გიბრალტართან მოგებულ (14:0) შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა. მის ანგარიშზე ნაკრებში 46 გოლია, „მონაკოსა“ და პსჟ-ში 254 გოლი.
Opta Sports აღნიშნავს, რომ ვერც ლიონელ მესიმ, ვერც კრიშტიანო რონალდუმ და ვერც ნეიმარმა 25 წლამდე ასეთი შედეგის მიღწევა ვერ შეძლეს. კილიანი 25 წლის 20 დეკემბერს გახდება.
მბაპემ თავისი რეკორდის შესახებ ისაუბრა:
„ეს მხოლოდ პროცესის ნაწილია. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც კარიერაში 800 ან 850 გოლი აქვთ. ასე რომ, 300 უბრალოდ სასაცილოა! ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, გავაუმჯობესოთ შედეგები როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში“,
- განაცხადა მბაპემ მატჩის შემდეგ TF1-ის ეთერში.
სექტემბერში რონალდუ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კარიერაში 850 გოლი გაიტანა. ახლა მას 1188 მატჩში 858 გოლი აქვს გატანილი. მესის ანგარიშზე 1044 მატჩში 821 გოლია.