ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, გიორგი ქოჩორაშვილი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

სანიოლი: ანჩელოტისთან ვმუშაობდი, მაგრამ კვარას შესახებ არ დაურეკავს

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის დასკვნით ტურში ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ხვალ საქართველოს ეროვნული ნაკრები ვალიადოლიდში ესპანეთს დაუპირისპირდება.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემებიდან ვიგებთ, ერთ-ერთი კითხვა საქართველოს ნაკრების კაპიტნის საკითხს შეეხებოდა.

„ამჟამად, კაპიტანი გურამ კაშიაა და ამ ფაქტით ყველა ბედნიერია. არა იმიტომ რომ ფეხბურთელებისთვის მამასავითაა, არამედ ის ერთ-ერთი ასაკოვანია. მან ზუსტად იცის თავის პოზიცია, თავისი მოვალეობები, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან მიმართებაში. დახმარებისთვის ყოველთვის მზადაა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

ხვიჩას მსოფლიოში ყველა იცნობს, თუმცა ყოველთვის არ ხდება ისე, რომ საუკეთესო მოთამაშე კაპიტანი გახდეს. კაპიტნობა მხოლოდ სამკლავური არაა. კაპიტანმა თანაგუნდელებთან უნდა ისაუბროს, მსაჯთან სწორი საუბარი იცოდეს, ლიდერის თვისებებს ავლენდეს. წლების შემდეგ ამ თემაზე საუბარი შეიძლება, მაგრამ ახლა კაპიტანი კაშიაა და ამით ყველა ბედნიერია''.

- კვარაცხელიას დიდ ესპანურ კლუბში ხედავთ?

- ნორმალურია რომ მას ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ თვლიან, ის საქმეს ბრწყინვალეს ასრულებს, მას საუკეთესოს ვუსურვებ, ანჩელოტისთან „ბაიერნში'' ვმუშაობდი, თუმცა მას ჩემთვის მის შესახებ კითხვით არ დაურეკავს.

- პირველ მატჩში ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდით. ძალიან გულდასაწყვეტი იყო?

- ჩვენთვის ის მარცხი ძალიან რთული გადასატანი იყო, აქ რევანშისთვის არ ვართ, ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და ის პოზიტიური მხარეები გამოვაჩინოთ, რაც ბოლო მატჩებიდან გამომდინარე გვაქვს.

ვილი სანიოლმა კაკაბაძისა და ქოჩორაშვილის შესახებ ისაუბრა: „კაკაბაძე შოტლანდიასთან ფანტასტიკური იყო, მატჩი უშეცდომოდ ჩაატარა, ტრავმის შემდეგ შესანიშნავად დაბრუნდა. რაც შეეხება ქოჩორაშვილს, წლებია ესპანეთში თამაშობს. განსხვავებული მენტალობის ფეხბურთელია, ძალიან დაგვეხმარა იმ პოზიციაზე, სადაც დაგვჭირდა. მომწონს, როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ''.

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლუის დე ლა ფუენტეს კომენტარი საქართველოსთან მატჩის წინ: „წარმატებული სერია გარანტია არაა, თუმცა ფსიქოლოგიური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად პასუხისმგებლობაც იზრდება, რომ სერია გავაგრძელოთ და კვლავ გავიმარჯვოთ. ხვალ უნდა გავიმარჯვო და მოგება დამაჯერებელი უნდა იყოს, საუკეთესო ფეხბურთელების მონაწილეობით''.

ესპანეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება 19 ნოემბერს, 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. მატჩი ვალიადოლიდის სტადიონზე გაიმართება. შეგახსენებთ, თბილისში გამართული დაპირისპირება ესპანელთა შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა (1:7).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები