„მზადაა, სცენა დაიბრუნოს“ | Goal Italia-ს სტატია ხვიჩა კვარაცხელიაზე
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ შოტლანდიის წინააღმდეგ ბრწყინვალედ იასპარეზა და დუბლი გაიფორმა. „კვარას“ თამაშს ცნობილი იტალიური გამოცემა, Goal Italia გამოეხმაურა და „ჯვაროსნების“ შემტევზე დაწერა.
„რუდი გარსიასთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობიდან, ნაკრებში გატანილ დუბლამდე: ქართველი ტალანტი მზადაა, ნაპოლიში სცენა დაიბრუნოს. პარტენოპეის ახალი მთავარი მწვრთნელი, ვალტერ მაცარი მასთან მუშაობის დაწყებას ელოდება, კვარაცხელიამ კი მის თავკაცს იმედისმომცემი და შემაგულიანებელი სიგნალები გაუგზავნა.
კვარა შოტლანდიასთან გამართული მატჩის გმირი იყო და დუბლი გაიფორმა. მისმა ორმა გამონათებამ საქართველოს ნაკრების ევროპული გზა ვერ შეცვალა, მაგრამ ნეაპოლელთა ახალ მთავარ მწვრთნელს დამარწმუნებელი სიგნალები ნამდვილად გაუგზავნა.
შოტლანდიასთან მან კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. ორი გოლის გარდა, რომელთა წყალობითაც, მას ნაკრებში გამართულ 27 შეხვედრაში 14 ბურთი დაუგროვდა, ხვიჩამ მებრძოლი დამოკიდებულება და კონკურენტუნარიანობა აჩვენა. მან ბრწყინვალე ემოციები გამოიწვია და არ იყო საკუთარი თავის ის ვერსია, რომელსაც რუდი გარსიას გუნდში ვხედავდით“.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფში 7 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 8 ქულით მე-4 ადგილზეა და დასკვნით შეხვედრას 19 ნოემბერს ესპანეთში (23:45) გამართავს.