ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ჩაშლილი წვეულება, WIFI-ის პაროლი და კვარადონა | AS-ი ხვიჩაზე და შოტლანდიასთან მატჩზე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 შეხვედრა შოტლანდიის წინააღმდეგ გამართა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. „ჯვაროსნების“ მხრიდან დუბლით ხვიჩა კვარაცხელია გამოირჩა, „სკოტების“ მაისურით კი გოლები სკოტ მაკტომინეიმ და ლოურენს შენკლენდმა გაიტანეს. „კვარას“ შესანიშნავი ასპარეზობა და დუბლი უცხოურ გამოცემებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ და აი, რას წერს ავტორიტეტული ესპანური გაზეთი AS-ი მის თამაშზე.

შენკლენდმა კვარაცხელიას წვეულება ჩაშალა. ნაპოლის ვარსკვლავმა საკუთარ გუნდს დუბლით ულიდერა, მაგრამ შოტლანდიამ მაკტომინეისა და შენკლენდის გოლებით გაათანაბრა.

„ლოურენს შენკლენდი ხვიჩა კვარაცხელიას წვეულებაზე დაპატიჟებული არ ყოფილა, მაგრამ მაინც მივიდა და ქართველ ფეხბურთელს ზეიმი ჩაუშხამა. როცა ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ საქართველოს უნდა მოეგო და 3 ქულა დამსახურებულად აეღო, შოტლანდიელმა ფორვარდმა თავი 93-ე წუთზე გამოიჩინა. სტივ კლარკის გუნდს პირველი ადგილის დაკავება ისევ შეუძლია. ამისთვის მათ ბოლო ტურში უნდა მოიგონ, ესპანეთი კი - დამარცხდეს. საქართველოს რაც შეეხება, ჯვაროსნები ერთა ლიგის პლეიოფისთვის ემზადებიან.

შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება ხვიჩა კვარაცხელიას ფეხბურთის ოდა (ძველ საბერძნეთში საზეიმო ლირიკული ლექსი, რომელსაც გუნდი წარმოთქვამდა. მოგვიანებით ოდა ეწოდებოდა პოეტურ ან მუსიკალურ-პოეტურ (ჩვეულებრივ საორკესტრო-საგუნდო) საზეიმო ხასიათის პიესებს, რომელიმე პიროვნების ან მოვლენის პატივსაცემად) გახლდათ. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მოედანზე ისეთივე კარგი იყო, როგორი უსაფრთხოც მისი გვარია WIFI-ის პაროლად. ბევრი მომენტი ვნახეთ, როცა კვარა საკუთარი ინდივიდუალიზმის წყალობით, ვილი სანიოლის გუნდს შეტევების გაგრძელების საშუალებასა და გოლის გატანის შანსებს აძლევდა. საქართველოს ნაკრების პირველი ბურთი სწორედ მის ანგარიშზეა. ნაპოლის ფეხბურთელმა ვარდნაში გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

შოტლანდია მეტოქეს ვერ უმკლავდებოდა და პარტენოპეის შემტევის შესაჩერებლად ვარიანტს ვერ პოულობდა. სკოტებმა მეორე ნახევარში გაიღვიძეს და სკოტ მაკტომინეიმ, რომელიც პირველ ტაიმში შეუმჩნეველი იყო, ანგარიში გაათანაბრა. მისმა ეპიზოდმა ქართველთა სუსტი მხარეები კარგად წარმოაჩინა.

თუმცა, როგორც ყველა კარგი გმირი, კვარაცხელია კიდევ ერთხელ გამოჩნდა მაშინ, როცა მის გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ნეაპოლში მას მეტსახელად კვარადონას ეძახიან და შოტლანდიის წინააღმდეგ არგენტინელ ვარსკვლავს კიდევ ერთხელ დაემსგავსა. სტუმართა გოლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, 7-მა ნომერმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, ცენტრისკენ შეიჭრა და კლარკის კარი აიღო. შოტლანდია ბევრს ეცადა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. სტადიონზე საზეიმო ატმოსფერო ნელ-ნელა იქმნებოდა და ყველაფერი გამარჯვების აღსანიშნი ზეიმისკენ მიდიოდა, მაგრამ 93-ე წუთზე ვითარება შეიცვალა. შენკლენდმა არმსტრონგის პასით ისარგებლა და კვარაცხელიას წვეულება ჩაშალა“, - წერს AS-ი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მომდევნო შეხვედრა ესპანეთთან ელის და მატჩი 19 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრე შოტლანდიასთან - ბოლო წუთებზე ხელიდან გაშვებული მოგება
ფრე შოტლანდიასთან - ბოლო წუთებზე ხელიდან გაშვებული მოგება