მამაცაშვილის გასროლით მოგებული მატჩი | 21-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა წლის ბოლო მატჩი სკოპიეში გამართა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა. რამაზ სვანაძის გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა და მინიმალური ანგარიშით მოიგო - 1:0.
მატჩის პირველი ტაიმი ფრთხილი და უხეში გამოვიდა, თუმცა ქართველი ფეხბურთელები უფრო სახიფათოდ უტევდნენ. საწყის 45 წუთში გოლი არ გასულა და შესვენებაზე ტაბლოზე 0:0 გახლდათ დაფიქსირებული. მეორე ტაიმი ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად დაიწყო და მალევე დაწინაურდა. შეხვედრის 54-ე წუთზე, გიორგი მაისურაძის პასს საბა მამაცაშვილის ბრწყინვალე გასროლა მოჰყვა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრები წინ გავიდა - 1:0.
გატანილი გოლის შემდეგ, სვანაძის ბიჭებს რამდენიმე მომენტი ჰქონდათ. ლუკა გაგნიძე მეტოქის კარის აღებასთან ახლოს იყო, მაგრამ მასპინძელთა მეკარეს ვერ აჯობა. 87-ე წუთზე, შანსი ჩრდილოეთ მაკედონიელებს მიეცათ. კუთხურის შემდეგ, საჯარიმოში არეულობა შეიქმნა და ქართველებს ბურთის კარის ხაზიდან გამოტანა მოუწიათ. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ჩვენებმა 1:0 მოიგეს.
ამრიგად, 5 ტურის შემდეგ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს. რამაზ სვანაძის გუნდს მომდევნო მატჩი 2024 წლის 26 მარტს ელის და სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება.