ორსულ ქალს ამუშავებდა - 4 შვილის დედა ნეიმარს სასამართლოში უჩივის
ნეიმარის ყოფილმა მოახლემ, რომელიც გარკვეული დროით მის სახლში მუშაობდა, შესაძლოა ფეხბურთელის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.
Le Parisien-ისა და RMC Sport-ის ცნობით, 35 წლის ქალმა, რომელიც ნეიმარის ვილაში მუშაობდა, საფრანგეთში, ბუჟივალში არასათანადო სამუშაო პირობებთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა.
ოთხი შვილის დედა პსჟ-ს ყოფილ ფეხბურთელთან თითქმის ორი წლის განმავლობაში (2021 წლის იანვრიდან 2022 წლის ოქტომბრამდე) მუშაობდა. ოფიციალურად გაფორმებული დასაქმების გარეშე. ქალი ფეხბურთელისგან 368 ათას ევროს ითხოვს.
ბრაზილიელმა ქალბატონმა, რომელიც ხელფასს მთლიანად ნაღდი ანგარიშსწორებით იღებდა, იტყობინება, რომ მას მუშაობა ძალიან ცუდ პირობებში უწევდა: „ჯოჯოხეთური სამუშაო გრაფიკი, ზეგანაკვეთური სამუშაოს გადაუხდელობა, ანაზღაურებადი არდადეგები და სამედიცინო ზედამხედველობა". ის ასევე იძულებული იყო ემუშავა ორსულად და მხოლოდ მშობიარობამდე ორი კვირით ადრე აიღო შვებულება.
ივნისში, ქალი მეგობრების მეშვეობით ცდილობდა, რომ ნეიმართან შეთანხმება მიეღწია, მას რეგისტრირებული წერილიც გაუგზავნა, რომელიც საბოლოოდ უპასუხოდ დარჩა. „ალ-ჰილალის“ თავდამსხმელის ერთ-ერთი წარმომადგენლის დეი კრესპოს თქმით, ფეხბურთელმა ამ წერილის შესახებ არაფერი იცოდა.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს ამ დედისთვის უკიდურესად რთულ ვითარებაში და რომ ის უბრალოდ მიიღებს იმ ფულს, რომელიც უნდა მიეღო, თუ იგი ნორმალურ პირობებში იმუშავებდა,” - აცხადებს იურიდიული ფირმა STAS & Associés-ი, რომელიც დაზარალებულ ქალბატონს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი სპორტული ხელშეკრულების მიხედვით წლიურად 112 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ამას გარდა ბრაზილიელი სარეკლამო კონტრაქტებიდან დამატებით თანხებს იღებს. ამ თანხებში საინვესტიციო შემოსავლები ჩათვლილი არ არის.