ნადალი: “აქამდე არ ვიცოდი შევძლებდი, თუ არა ისევ თამაშს“
დიდი ხანია რაფაელ ნადალი კორტს არ გაჰკარებია. „მატადორმა“ ოპერაცია გაიკეთა და დაბრუნებას ჯერჯერობით კვლავ ვერ ახერხებს.
მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი ახლა საკუთარ სახლში მალიორკაში იმყოფება და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. მას ბიძამისი ტონი ნადალი ავარჯიშებს.
ლეგენდარულ ესპანელს ადგილობრივი ჟურნალისტი გაესაუბრა და ჰკითხა, თუ როდის შეძლებს დაბრუნებას.
ნადალი:
„როდესაც მეცოდინება, თუ როდის დავბრუნდები პირველი ამას ჟურნალისტებს გეტყვით. ახლა კარგად ვარ. მეტიც, ბედნიერი ვარ და ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი მაქვს. აქამდე არ ვიცოდი ოდესმე კიდევ შევძლებდი, თუ არა ჩოგბურთის თამაშს, მაგრამ ახლა დანამდვილებით გეტყვით, რომ შევძლებ.“
შეგახსენებთ, რომ ესპანელმა სუპერვარსკვლავმა ტრავმა მიმდინარე წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე მიიღო. 37 წლის ჩოგბურთელმა ბარძაყის კუნთის დაზიანება მიიღო.
ნადალმა ავსტრალიის შემდეგ, აბსოლუტურად ყველა ტურნირი გამოტოვა. იწერებოდა, რომ რაფა თიხის მასტერსებზე დაბრუნდებოდა, მაგრამ რეაბილიტაციის პროცესი გაიწელა და ის ვერც მის საყვარელ „როლან გაროსზე“ დაბრუნდა. ცნობისთვის, ამ მომენტისთვის ნადალი ATP რეიტინგში 244-ე ადგილზე იმყოფება.