გიორგი მიქაუტაძე, ვილი სანიოლი
Aa
Aa

„ექსპერიმენტების დრო არ არის“- სანიოლის და მიქაუტაძის პრესკონფერენცია

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში „დინამო“ არენაზე შოტლანდიის ნაკრებს მიიღებს.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ვილი სანიოლი

თამაშის მოსალოდნელი ხარისხი და წაუგებელი საშინაო სერია შოტლანდიასთან:

ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც გარკვეული მოლოდინები გაგაჩნია. ყველა რეკორდი და სტატისტიკა ადრე, თუ გვიან ემხობა და სრულდება, ამიტომ არ მინდა წინასწარ პროგნოზის გაკეთება, რადგან ეს რიგ შემთხვევაში იმედგაცრუებას იწვევს. ზოგადად ვიტყვი, რომ ორივე თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც მარტის შეხვედრებისთვის ვემზადებით. ვფიქრობ, რომ შოტლანდიასთან რთული მატჩი გველოდება.

გუნდში არსებული ატმოსფერო:

ატმოსფერო მართლაც კარგია. ფეხბურთელები ფოკუსირებულები არიან ხვალინდელ თამაშზე. გარემო ძალიან დადებითია. სექტემბრის ცუდი თამაშების შემდეგ, ბიჭებმა რეაბილიტაცია ოქტომბერში მოახდინეს და ახლა ყველა მოუთმენლად ელის ხვალინდელ თამაშს. რაც შეეხება დავითაშვილს, მას მივეცით უფლება, რომ ოჯახთან დაბრუნებულიყო, ან ნაკრებში დარჩენილიყო. მან აქ დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო და ეს დასაფასებელია.

გაბრიელ სიგუას ტრავმა:

სამწუხაროდ, ბაზელმა ცოტა ხნის წინ გვითხრა, რომ სიგუას აქილევსის მყესი აწუხებს. ეს ძალიან სამწუხაროა. სხვა მხრივ, გუნდში ტრავმები არ არსებობს და ყველა მზად არის ხვალინდელი თამაშისთვის.

მეტოქისგან მოსალოდნელი თამაში და საქართველოს პასუხი:

შოტლანდია ძალიან კარგი გუნდია და გაშლილ თამაშს ველით. როგორც აღვნიშნე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მარტის თამაშებისთვის მოსამზადებლად, ისინი კი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. ვფიქრობ, კარგ თამაშს ვიხილავთ და არ მგონია 0:0 დასრულდეს.

ხვიჩა კვარაცხელიას ახლანდელი სეზონი - პროგრესი, თუ რეგრესი?

გასული სეზონი მისთვის გამორჩეული იყო. ზოგადად, ფეხბურთში რაც არ უნდა კარგი სეზონი ჩაატარო, მომავალში უნდა გაიმეორო, სხვა შემთხვევაში ისე მოხდება, როგორც ახლა არამარტო ხვიჩას, არამედ მთლიანად ნაპოლის დაემართა. ხვიჩა ახლაც დიდ შთაბეჭდილებას მიტოვებს. მჯერა, რომ უფრო ბევრს ისწავლის და მალე დაუბრუნდება იმ დონეს, რომელიც გასულ სეზონში გვაჩვენა.

შემადგენლობა ხვალინდელ თამაშში:

როდესაც მსგავსი შეკითხვები ისმევა, ყოველთვის ეხება შემტევ ფეხბურთელებს, რომლებსაც გოლები გააქვთ. ჩემი დავალებაა სწორი ბალანსის პოვნა როგორც წინ, ისე დაცვაში. მიხარია ხვიჩას კარგი თამაში და ასევე, ჩაკვეტაძის წინსვლა და გაზრდა. იმედი მაქვს ის გააგრძელებს სწორად მუშაობას და განვითარებას, რადგან ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ინგლისის ჩემპიონშიფში თამაში საკმაოდ რთულია და მნიშვნელოვანია, რომ მან მუშაობა არ შეწყვიტოს, რათა თავი მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინოს.

ექსპერიმენტები და პროგნოზი:

არ მიყვარს პროგნოზების წინასწარ გაკეთება. ექსპერიმენტების დრო აღარ რჩება. მოთამაშეებმა უნდა იცოდნენ, რას ელოდებიან მათგან და რა დავალება აქვთ. ჩვენ გამოვცადეთ ბევრი ახალი მოთამაშე და ახალი ტაქტიკები. ახლა მთავარი მიზანია, რომ ეს სამუშაო მარტის თამაშებში მაქსიმალურად კარგად გამოჩნდეს.

გიორგი მიქაუტაძე

ახლანდელი ფორმა:

მუდამ 100 პროცენტით ვარ მოტივირებული. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემს გუნდს დავეხმარო. მარტის პლეი-ოფებისთვის ვემზადებით და გვინდა, რომ ამ თამაშებმა კარგად ჩაიაროს.

როგორ ვპოულობ ძალას ამ მდგომარეობაში? როდესაც ვარჯიშებზე თავის გამოჩენის შანსი მაქვს, ყოველთვის ვცდილობ გამოყენებას. კარგად ვვარჯიშობ და ოჯახიც გვერდში მიდგას. მეცშიც ასეთი სიტუაცია მქონდა და შევძელი ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. იმედი მაქვს „აიაქსშიც“ შევძლებ.

ვილი სანიოლს ველაპარაკე და მითხრა, რომ ნაკრებში ჩამოსვლა და თამაში შემეძლო, დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, ყველაფერი კარგად იქნებაო და გათამაშებო. აიაქსის ახალ მწვრთნელსაც ვესაუბრე და მანაც დამაიმედა. არ მომწონს ეს სიტუაცია, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რომ რაც შეიძლება მალე შევცვალო.

გულშემატკივრების მხარდაჭერა შოტლანდიასთან:

გულშემატკივრების მხარდაჭერა როგორც ჩემთვის, ისე ამ თამაშის წინაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვგრძნობ მათ გვერდში დგომას და მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირება 16 ნოემბერს, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები