„რთულ თამაშს ველოდებით“ | რა თქვა სტივ კლარკმა საქართველოსთან მატჩზე
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მომდევნო შეხვედრა შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან ელის. „სკოტების“ თავკაცმა, სტივ კლარკმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და მას თან „საუთჰემპტონის“ ფეხბურთელი, სტუარტ არმსტრონგი ახლდა.
სტივ კლარკი: „საქართველოსთან რთულ თამაშს ველოდებით და ვეცდებით, ხვალინდელი მატჩისთვის გუნდი მაქსიმალურად კარგად მოვამზადოთ. ჩვენი მიზანია, თავმდაბლობა შევინარჩუნოთ და ყველა მეტოქე სათანადოდ დავაფასოთ. რამდენად მნიშვნელოვანია მეორე კალათაში მოხვედრა? ეს მომდევნო ზაფხულის ამბავია და ამ მომენტისთვის, გვინდა, მაქსიმალურად ბევრი ქულა ავიღოთ.
წამყვანი ფეხბურთელების დანაკლისი? როცა ვინმე არ თამაშობს, სხვა ფეხბურთელს შანსი ეძლევა. ევროპის ჩემპიონატისთვის 23 მოთამაშე მყავს შესარჩევი და ბევრი პოზიციაა, რომლებზეც სხვადასხვა ფეხბურთელს შეუძლია აჩვენოს, რომ ევროპირველობაზე მოხვედრას იმსახურებს. ეს მათი შანსია და ვნახოთ, ხვალ რა მოხდება. სანაკრებო პაუზისთვის მოსამზადებელმა შეკრებამ კარგად ჩაიარა და ვფიქრობ, ეს გუნდს ძალიან წაადგება.
რამდენად მნიშვნელოვანია დარჩენილ თამაშებში წარმატების მიღწევა? მითუმეტეს, ამხანაგურების წაგების შემდეგ? ჩემი აზრით, ბოლო ორ თამაშში დადებითი შედეგის მიღწევა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენი მიზანი რაც შეიძლება, მეტი ქულის აღებაა და არაფერი შეცვლილა. ორი მარცხის შემდეგ, წარმატებულ გზაზე დაბრუნების სურვილი დამატებითი მოტივაცია იქნება.
საქართველოსთან თბილისში ნაჩვენები უარყოფითი შედეგები არის თუ არა დამატებითი მოტივაცია? წარსული ყოველთვის წარსულია და ყოველ მატჩს ინდივიდუალურად ვუდგებით. ხვალინდელი თამაში საკმაოდ ძნელი იქნება, რადგან საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს. ესპანეთთან განცდილი მარცხი ანომალია იყო და სხვა შეხვედრებში ქართველებმა ყველას ღირსეული კონკურენცია გაუწიეს. ვეცდებით, სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ და ვიცით, რომ სტადიონზე რთული ატმოსფერო დაგხვდება".
სტუარტ არმსტრონგი: „მომდევნო ორი თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ორივეს მოგების შემთხვევაში, მეორე კალათაში მოვხვდებით და გვსურს, საკვალიფიკაციო ეტაპი რაც შეიძლება, კარგად დავასრულოთ. არის თუ არა დამატებითი გამოწვევა და მოტივაცია ის ფაქტი, რომ შოტლანდიას საქართველოში ორიდან ორი თამაში აქვს წაგებული? რა თქმა უნდა, ასეთი უსიამოვნო სერიების გამოსწორება ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია და გამოწვევაა. იმედი მაქვს, ხვალ სასურველ შედეგს დავაფიქსირებთ“.
ცნობისთვის, შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება ხვალ გაიმართება. მატჩი თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება.