„ვწუხვარ, ასე ვეღარ გავაგრძელებთ“ - დე ლაურენტისისა და გარსიას სატელეფონო საუბარი
ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, Il Mattino დღევანდელ ნომერში „ნაპოლის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელზე, რუდი გარსიაზე წერს. Il Mattino-ს მიხედვით, „პარტენოპეის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ფრანგ სპეციალისტს მასთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ სატელეფონო ზარით შეატყობინა, რომელიც იტალიის დროით, 4 საათისთვის განხორციელდა.
„რუდი გარსია საფრანგეთის რივიერაზე იმყოფებოდა და პრეზიდენტისგან სატელეფონო ზარს ელოდებოდა. „ვწუხვარ, ასე ვეღარ გავაგრძელებთ. ყველაფერი გავაკეთე, რათა შენთვის მხარი დამეჭირა“, - განუცხადა დე ლაურენტისმა გარსიას.
ფრანგი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ეს სიმართლე არაა და კლუბის პრეზიდენტს ყველაფერი არ გაუკეთებია, მაგრამ ეს აბსოლუტურად არაფერს ცვლის. ეს იყო დამშვიდობება ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე. დე ლაურენტისთან საუბრისას, იგი დუმილს ინარჩუნებდა და კლუბის პრეზიდენტს უსმენდა“, - წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ რუდი გარსიას შემცვლელად ვალტერ მაცარი დაინიშნა. იგი გუნდს სეზონის ბოლომდე უთავკაცებს და კლუბისგან ანაზღაურების სახით, 1 მილიონ ევროს მიიღებს.