გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ქუთაისის ტორპედო, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, გიორგი არაბიძე, სტივ კინი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

„საქართველოში ბევრი ნიჭიერი და მაღალი ხარისხის ფეხბურთელია“ - სტივ კინის ინტერვიუ Daily Mail-თან

გავლენიან ბრიტანულ სააგენტო Daily Mail-ზე ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის, სტივ კინის ინტერვიუ ქვეყნდება, რომელშიც შოტლანდიელი სპეციალისტი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაზე, „ტორპედოსა“ და ქართული ფეხბურთის შესახებ საუბრობს.

სტივ კინი DAILY MAIL-თან:

შოტლანდია მადლიერი უნდა იყოს, რომ უკვე შეძლო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე კვალიფიცირება, საქართველო კი ამ ნაბიჯისკენ მიიწევს. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ წარიმართა ეს კამპანია.

შოტლანდიას თბილისში წინა ვიზიტებიდან ეცოდინება, რომ სტადიონზე მტრული გარემო იქნება. მათ უყვართ მსაჯთან კამათი და გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებენ. ქართველებს ძალიან უყვართ თავისი ნაკრები, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ გუნდს ცუდი საკვალიფიკაციო ეტაპი ჰქონდა. თბილისელი გულშემატკივარი საკმაოდ ვნებიანია. როდესაც ეროვნული გუნდი თამაშობს, ისინი ყოველთვის მათ გვერდით არიან. ქართველი ფანები ძალიან ჰგვანან შოტლანდიელებს: იმდენად ამაყები, ვნებიანები და პატრიოტები არიან, რომ წინა თამაშები საერთოდ არ აინტერესებთ. იმის მიუხედავად, რომ ეს მატჩი არაფერს წყვეტს, ისინი მაინც სერიოზულად ეკიდებიან ამ თამაშს.

ამ ქვეყანაში ძალიან კარგი მოთამაშეები იზრდებიან. მაგალითად, გიორგი მამარდაშვილი, რომელიც „ვალენსიას“ მეკარეა და სერიოზულ ყურადღებას იპყრობს. ასევე, კვარაცხელია, რომელიც „ნაპოლიში“ ბრწყინვალედ თამაშობს... როდესაც ქართველ ფეხბურთელებს ასეთ კლუბებში ხედავ, ფიქრობ, რომ უფრო მეტნი უნდა იყვნენ და ასეც არის.

არ გამიკვირდება, რომ ინგლისურმა კლუბებმა იტალიელების მსგავსად საქართველოში სკაუტინგი დაიწყონ. ასევე, „ჰიბერნიანში“ ბენ კენსელს ვუთხარი, რომ ქართველი ფეხბურთელების ტექნიკურ ხარისხს ვერ დაიჯერებდა.

ეროვნულ ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელების უმრავლესობა საქართველოს ჩემპიონატში არ თამაშობს, მაგრამ კარიერა ყველამ აქ დაიწყო. ასე რომ, აქ საკმაოდ ბევრი ხარისხიანი ფეხბურთელია და არ გამიკვირდება, რომ იტალიურ კლუბებს მოთამაშეების წაყვანაში დიდი კონკურენცია ექნებათ. რამდენიმე მენეჯერს შევხვდი, რომლებიც მოთამაშეების შესახებ მეკითხებოდნენ და მათთან ყოველთვის გულწრფელი ვიყავი. „ტორპედოში“ შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, მათ შორის არის 19 წლის მცველი, საბა გოგლიჩიძე, რომელიც 21-წლამდე ნაკრებშიც თამაშობს. მიმაჩნია, რომ ის უკვე ტოპ-ფეხბურთელია და მომავალ წლებში დიდი სახელიც იქნება. შესანიშნავი, სწრაფი და აგრესიული მცველია. არ მგონია, რომ მისი შენარჩუნება შევძლოთ, რადგან ყველა იტალიური გუნდი საქართველოში მაღალ დონეზე სკაუტირებს. მისი ტრანსფერი ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი იქნება.

ასევე გამოვყოფ გიორგი არაბიძეს, ჩვენს მარჯვენა გარემარბს. მას უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში. კვარაცხელია ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მსგავსი ტექნიკის მქონე ბევრი ფეხბურთელი თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ სტივ კინი ქუთაისის „ტორპედოს“ სათავეში 2023 წლის დასაწყისში ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით, „ტორპედომ“ ზაფხულში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა, სადაც „აქტობესთან“ მესამე ეტაპზე გამოვარდა. მიმდინარე სეზონში, ქუთაისური კლუბი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 55 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.

ფოტოები: ქუთაისის ტორპედოს Facebook-გვერდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა პოზიციაზე ითამაშებს ტუდორის გუნდში | Goal Italia-ს სტატია კვარაზე
რა პოზიციაზე ითამაშებს ტუდორის გუნდში | Goal Italia-ს სტატია კვარაზე