„ჩხუბის დაწყებამდე იცი, რას გააკეთებს“ | დენ ჰუკერმა ილია თოფურიაზე ისაუბრა
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ Youtube-ის საკუთარ არხზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მისი მეგობარი, დენ ჰუკერი „ვოლკის“ მომდევნო მეტოქეზე, ილია თოფურიაზე საუბრობს. ჰუკერი UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობს და განაცხადა, რომ „ელ მატადორი“ პროგნოზირებადი მებრძოლია.
„ვფიქრობ, თოფურიას საბრძოლო არსენალი ისეთი დიდი არაა, რომ ვოლკანოვსკის გაუმკლავდეს. მის სტილში თავისებურებების დანახვა შეიძლება და ასეთი მებრძოლები საჩხუბრად საუკეთესო კანდიდატები არიან. მათთან ბრძოლისთვის მომზადება მარტივია, რადგან მეტოქეს უცნაურსა და უნიკალურს ვერაფერს სთავაზობენ.
თუ ასეთი მებრძოლების კატეგორიაში გადიხარ, დგება მომენტი, როცა შენი ჩხუბის ამსახველი იმდენი ვიდეო გროვდება, რომ პროგნოზირებადი ხდები. თოფურია ზუსტად იმას აკეთებს, რასაც თეორია ამბობს და აქვს სტილი, რომელიც ბევრ იარაღს არ იყენებს. ილიასთან ჩხუბისას, ოქტაგონზე გასვლამდე იცი, რას გააკეთებს და მგონია, რომ საკმარისი ოდენობის იარაღი არ აქვს, რათა მიზანს მიაღწიოს.
როცა უმაღლეს დონეზე ჩხუბობ, მთავარი მეტოქის თავისებურებებისა და მოძრაობების წაკითხვაა. ჩვენი ბრძოლების ამსახველი იმდენი ვიდეოა დაგროვებული, რომ მთავარი მეტოქეთა თავისებურებების, ტენდენციებისა და დამახასიათებელი მოძრაობების წაკითხვა ხდება. თუ ხარ მებრძოლი, რომელიც ერთსა და იმავეს იმეორებს და მოწინააღმდეგეს არაფერ განსხვავებულს არ სთავაზობს, შენი დამარცხების ფორმულის შემუშავება ძალიან მარტივი ხდება“.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და ილია თოფურიას დაპირისპირება 18 თებერვალს გაიმართება და დიდი ალბათობით, ჩხუბს ლოს ანჯელესი უმასპინძლებს.