გოგა ბითაძე, ფრანც ვაგნერი, პაოლო ბანკერო
Aa
Aa

ჩატენვები და ბრწყინვალე პროცენტი | ბითაძის კარგი მატჩი ბრუკლინთან

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ბოლო ოთხი თამაშიდან მესამე წააგო. გამთენიისას, In-Season Tournament-ის ფარგლებში, ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „ბრუკლინ ნეთსს“ დაუპირისპირდა და საშინლად ჩატარებული მეოთხე მეოთხედის გამო დაისაჯა. გადამწყვეტი პერიოდის დაწყებამდე, „მეჯიქი“ მეტოქეს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა, ბოლო თორმეტწუთეული ჩააგდო, 18:36 წააგო და საბოლოოდ, 104:124 დამარცხდა.

ბითაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მაღალ დონეზე ითამაშა. ქართველმა კალათბურთელმა აქტივში 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა. გოგამ მეტოქის ფარს ბრწყინვალე პროცენტით შეუტია და 6-დან 6 ორქულიანი გამოიყენა, ერთი სამიანი კი გააცუდა (7-დან 6 ბურთი, 85.7%). მის პასივში 4 პერსონალური ჯარიმა იყო.

ბითაძემ ორი ენდ უანი ჩააგდო და ეფექტური ჩატენვები შემოგვთავაზა. მათგან ყველაზე გამორჩეული მესამე მეოთხედში გაფორმებული დანქი იყო, როცა თამაში საკუთარ თავზე აიღო და „ბრუკლინის“ კალათბურთელთა უყურადღებობით ისარგებლა. სხვათა შორის, 14 ქულა მიმდინარე სეზონში გოგასთვის საუკეთესო მაჩვენებელია. აქამდე, ყველაზე მეტი „ატლანტასთან“ ჰქონდა ჩაგდებული - 12 ქულა.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ რიგებში ბითაძეზე მეტი ქულა მხოლოდ ფრანც ვაგნერმა და პაოლო ბანკერომ დააგროვეს. გერმანელი კალათბურთელი 21 ქულით, 8 მოხსნითა და 5 ასისტით გამოირჩა, ბანკეროს კი 19 ქულა ჰქონდა. „ბრუკლინს 29 ქულით სპენსერ დინუიდიმ ულიდერა, მიკალ ბრიჯისმა და კემერონ ჯონსონმა 21 და 20 ქულა დააგროვეს. მოგახსენებთ იმასაც, რომ „ორლანდოს“ ანგარიშზე 5 მოგება და 5 წაგებაა და მომდევნო მატჩი 16 ნოემბერს, „ჩიკაგო ბულსის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - მაცარი ნაპოლის მწვრთნელია
ოფიციალურად - მაცარი ნაპოლის მწვრთნელია