„ხვიჩას უკეთეს გუნდში თამაში უნდა“ - რევიშვილის ინტერვიუ რუსულ სააგენტოსთან
ცნობილი რუსული სააგენტო Sport24-ი საქართველოს ნაკრების ყოფილ მეკარესთან და ამჟამად საფეხბურთო აგენტთან, ნუკრი რევიშვილთან ჩაწერილ ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ვეტერანი ფეხბურთელი ბევრ საინტერესო საკითხზე საუბრობს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზე, მამუკა ჯუღელზე და რამდენიმე ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელზე.
ნუკრი რევიშვილი Sport 24-თან:
პირველი შეხვედრა ხვიჩასთან: ეს ექვსი, თუ შვიდი წლის წინ მოხდა, როდესაც თბილისის „დინამოში“ ვასრულებდი კარიერას. ხვიჩა მაშინ 15 წლის იყო და გუნდში ახალბედად ითვლებოდა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მარჯვენა მცველად თამაშობდა და საყრდენიც იყო. იმდენად ნიჭიერია, რომ კარშიც არ დაიკარგებოდა.
როდის მივხვდი, რომ ტოპ ფეხბურთელი გახდებოდა? როცა „ლოკომოტივში“ გადავიდა. აღმოჩნდა, რომ კიკნაძეს ფეხბურთი არ ესმოდა. ხვიჩას დაკარგვა დიდი შეცდომა იყო. ის სიომინმა აღმოაჩინა და არა სლუცკიმ. იურიმ მას თავისუფლება მისცა და არ აიძულა, რომ ერთ ჩარჩოში მოქცეულიყო. სლუცკი ამბობდა, რომ ხვიჩას ლიმიტი არ აქვს? ეს ისედაც ყველასთვის ცხადი იყო. ის პროგრესი, რომელიც ხვიჩამ სლუცკის ხელში გაიარა, ნებისმიერ მწვრთნელთან ექნებოდა. არ ვფიქრობ, რომ ლეონიდმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა.
ხვიჩა ნებისმიერ მწვრთნელთან ითამაშებდა. ის ქცევისა და პროფესიონალიზმის მოდელი იყო - ყაზანში ბაზაზე ცხოვრობდა, არ გადიოდა და წვეულებებზეც არ დადიოდა. მას ბოლომდე ვენდობით, თვითონაც მოკრძალებული და კეთილი ბიჭია.
ბოლო 6 თვე რუსეთში და რთული პერიოდი: ამ პერიოდში ხვიჩას როგორც საქართველოში, ისე რუსეთში ჟურნალისტები ცუდად მოექცნენ. 18 წლის ბიჭი ყოველდღიურად კითხულობდა, რომ მისით „ბარსელონა“, მადრიდის „რეალი“ და „ბაიერნი“ ინტერესდებოდნენ. მაგრამ სინამდვილეში, ასეთი რამ არ მომხდარა. ტოპ კლუბებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით სკაუტი ჰყავს, ზოგმა კი უბრალოდ დაგვირეკა და ხვიჩას შესახებ იკითხა, უბრალო ცნობისმოყვარეობა იყო. მაგრამ ესენი მხოლოდ სკაუტები არიან და კლუბებში არაფერს წყვეტენ, მედია კი ყველას ეუბნებოდა, რომ ხვიჩას ტოპ-კლუბები იწვევდნენ. როცა შემოდგომაზე ვერსად წავიდა, ამან მასზე იმოქმედა, იმის მიუხედავად, რომ მენტალურად ძლიერი ბიჭია.
2022 წლის გაზაფხულზე რუსეთში დარჩენის სირთულეები: ეს მისთვის განსაკუთრებით რთული პერიოდი იყო. მამამისი რეგულარულად იღებდა მუქარის შემცველ ზარებს იმის გამო, რომ მისი შვილი რუსეთში თამაშობდა. ახლა ვფიქრობ, რომ დღეს, ხალხის მხრიდან ასეთი რეაქცია არ იქნებოდა, რადგან ყველაფერს სხვანაირად აღიქვამენ და სიმართლეს აწყდებიან.
სხვა კლუბების ინტერესი: „ნაპოლის“ გარდა, მისით სერიოზულად „იუვენტუსი“ და „რომა“ ინტერესდებოდნენ. ინგლისიდან და ესპანეთიდანაც ბევრი გუნდი იყო, მაგრამ „ნაპოლის“ მსგავსი ინტერესი არცერთი კლუბისგან არ ყოფილა. მაგრამ იქაც დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ ხვიჩას, უყურებდნენ, როგორ თამაშობდა, იტანდა, თუ არა, როგორ იქცეოდა მოედნის მიღმა, როგორი ცხოვრებით ცხოვრობდა და ა.შ.
რა თქმა უნდა, გვჯეროდა, რომ ხვიჩას იტალიაში მაშინვე გამოუვიდოდა ყველაფერი. ჩვეულებრივ, დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელები ზარმაცები არიან, თუმცა, ხვიჩას გიჟურად შრომისმოყვარე ეთიკა აქვს. ყოველთვის ბევრს მუშაობდა. ის უკვე „ნაპოლიში“ გადავიდა, მაგრამ უფრო უკეთეს გუნდში თამაში უნდა, როგორიცაა მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“... მას ყოველთვის აქვს გაზრდის მოტივაცია.
რაც შეეხება ფინანსებს, ეს ჩემი საქმე არ არის და ამის შესახებ არც მინდა, რომ რაიმე ვიცოდე. მე არ მაქვს ფინანსური საიდუმლოების გამხელის უფლება. არის „რუბინი“, არის „დინამო“ და მათ ჰკითხეთ. რატომ არის ეს კითხვა ყველასთვის ასე საინტერესო? ფული ყველაფერი არ არის. ცხოვრებაში არსებობს საკითხები, რომლებიც ფულზე მეტია. ურთიერთობები უფრო ღირებულია, ვიდრე ნებისმიერი მილიონი. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ერთმანეთს ენდობოდნენ და პატივს სცემდნენ. დღეს შეიძლება კვარაცხელია 20 მილიონად გაყიდო და რაღაც მოიგო, ხვალ კი არაფერი გქონდეს, ესაა ცხოვრება.
რამდენი მივიღე ამ ტრანსფერიდან? არ მიყვარს ფულზე საუბარი. პირველ რიგში, მიხარია, რომ ხვიჩა კარგ გუნდში აღმოჩნდა. მაგრამ შესაძლოა ფული დღეს გქონდეს, ხვალ კი არა.
რომელ ფეხბურთელებს ვხელმძღვანელობ? მამუკასთან ერთად ვმუშაობ და საერთო საქმეები გვაქვს. თუ ვინმეს გამოყოფა შემიძლია, ეს გიორგი კვერნაძეა, რომელიც ზაფხულში „ფროზინონეში“ გადავიდა.
2015 წელს ქართული ფეხბურთის მდგომარეობას სავალალო უწოდეთ. რომელ მომენტში გაუმჯობესდა ყველაფერი?
როდესაც ხვიჩა „ნაპოლიში“ გადავიდა. ახლა ყველა ახალგაზრდას სურს, რომ მას დაემსგავსოს. საქართველოში ნამდვილი საფეხბურთო ბუმია. ფეხბურთში გადადიან ახალგაზრდები სხვა სპორტის სახეობებიდან, მაგალითად რაგბიდან და ჭიდაობიდან. ბიჭები უყურებენ ხვიჩას, ზურიკოს „ბორდოდან“, მამარდაშვილს „ვალენსიიდან“ და ხვდებიან, რისკენ უნდა ისწრაფოდნენ. ქვეყანაში ახლა საფეხბურთო სკოლები გადატვირთულია.
საბა საზონოვი? ასეთი ფეხბურთელები იტალიის ჩემპიონატს შეეფერება, საბას შეუძლია, რომ საუკეთესო გახდეს. გასულ სეზონში „დინამოში“ გაუჭირდა, მაგრამ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა. ტურნირზე მას ევროპელი სკაუტები უყურებდნენ. „ტორინოს“ გარდა ვარიანტები გერმანიიდან და საფრანგეთიდან ჰქონდა.
როდის გავიცანი მამუკა ჯუღელი? 15 წლის ვიყავი. მაშინ ქუთაისის „ტორპედოში“ ვთამაშობდი. 16 წლის ასაკში ძირითად გუნდში თამაში დავიწყე, 18 წლისას კი ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მქონდა. მამუკამ მაშინვე „რუბინში“ წამიყვანა.
როგორ მოვხვდი ასე ადრეულ ასაკში ნაკრებში? კალაძე, არველაძე, კობიაშვილი, იაშვილი... გუნდში ბევრი ძლიერი მოთამაშე იყო, მაგრამ მეკარის პოზიცია პრობლემურად ითვლებოდა. გავრცელდა ჭორები, რომ რომელიღაც მეკარისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიცემაც კი სურდათ, რომ ნაკრებში ეთამაშა. მაგრამ შემდეგ მე გამოვჩნდი. საქართველოს ჩემპიონატში კარგი სეზონი ჩავატარე და ჩემპიონთა ლიგაზე „ბატეს“ წინააღმდეგ კარგად ვითამაშე, რის შემდეგაც გამომიძახეს.
ყველაზე ძლიერი ემოციები? როდესაც საქართველომ ხორვატიას მოუგო. მაშინ მეტოქეს მოდრიჩი და ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავდა. ამ გამარჯვების შემდეგ ევრო 2012-ზე მოხვედრის რეალური შანსი გვქონდა.
მახსოვს, თუ არა ნაკრებში ანანიძე? რა თქმა უნდა. ისიც ძალიან ნიჭიერი იყო. სამწუხაროა, რომ ტრავმებმა ბოლომდე განხსნაში ხელი შეუშალა. საქართველოს ნაკრები ჯანო ანანიძესთან ერთად და მის გარეშე ორი განსხვავებული გუნდი იყო. იგივეა ხვიჩაც? არა. ახლა ყველაფერი ხვიჩაზეა დამოკიდებული. მას მატჩის მარტო მოგება შეუძლია, ჯანო ამას ვერ ახერხებდა.
რატომ დავასრულე ასე ადრე კარიერა? პირველ რიგში ტრავმების გამო. ყველაზე მძიმე ესპანეთთან მატჩი იყო: ბუსკეტსს შევეჯახე და მაშინვე საოპერაციო მაგიდაზე აღმოვჩნდი. გამოჯანმრთელებას 6 თვე დასჭირდა, რის შემდეგაც კონტრაქტი „რუსთავთან“ გავაფორმე. მაგრამ თითქმის მაშინვე მივხვდი, რომ ვეღარ ვითამაშებდი. რთული იყო იმავე დონეზე მეთამაშა, როგორც ადრე.
შეგახსენებთ, რომ ნუკრი რევიშვილმა საფეხბურთო კარიერა 2018 წელს დაასრულა. 36 წლის ვეტერანს კარიერის დიდი ნაწილი რუსეთის ჩემპიონატში აქვს გატარებული, სადაც ყაზანის „რუბინის“, „ანჟის“, „კრასნოდარის“, „ტოსნოსა“ და „მორდოვიას“ ღირსებას იცავდა. ქართველი მეკარე ასევე მალტისა და მოლდოვის ჩემპიონატშიც გამოდიოდა, საქართველოში კი ქუთაისის „ტორპედოში“, გორის „დილაში“, თბილისის „დინამოსა“ და „რუსთავში“ თამაშობდა. ნუკრი რევიშვილმა საქართველოს ნაკრების მაისური 33 შეხვედრაში მოირგო.