„თქვენი ბრალი არაა“ | რა უთხრა გარსიამ ფეხბურთელებს ემპოლისთან წაგების შემდეგ
იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ კედლებში „ემპოლის“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ცუდად ითამაშა და უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლ მეტოქესთან 0:1 წააგო.
„ემპოლისთან“ მარცხის შემდეგ, „პარტენოპეის“ ხელმძღვანელებმა ცვლილებების გატარება გადაწყვიტეს და უახლოეს საათებში მთავარ მწვრთნელს, რუდი გარსიას გაუშვებენ. იტალიური პრესის ინფორმაციით, ფრანგმა სპეციალისტმა ნეაპოლი დატოვა და ნიცას მიაშურა.
ცნობილმა გაზეთმა, Il Mattino-მ დღევანდელ ნომერში „ემპოლისთან“ გამართულ მატჩს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო და ის განცხადება გაასაჯაროვა, რომლითაც გარსიამ ფეხბურთელებს მიმართა. „თქვენი ბრალი არაა. ეს წაგება და ეს სიტუაცია მხოლოდ ჩემი ბრალია“, - უთხრა ფრანგმა სპეციალისტმა მოთამაშეებს და Il Mattino-ს მიხედვით, „ნაპოლის“ თავკაცის პოსტზე მისი ბოლო სიტყვები სწორედ ეს გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ გარსიას სავარაუდო შემცვლელზე იტალიურ პრესაში აქტიურად იწერება და რამდენიმე წუთის წინ, საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. აქამდე, მთავარ ფავორიტად იგორ ტუდორს მოიაზრებდნენ, მაგრამ Sky Sport Italia-ს მიხედვით, აურელიო დე ლაურენტისი მოლაპარაკებებს ვალტერ მაცარისთანაც აწარმოებს და არჩევანს ამ ორს შორის გააკეთებს.