„საქართველოში უფრო ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, ვიდრე რუსეთში“ - რევიშვილის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ და ამჟამად საფეხბურთო აგენტმა, ნუკრი რევიშვილმა რუსულ სააგენტო Sport24-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუს სრული ვერსია 14 ნოემბერს, დღის განმავლობაში უნდა გამოქვეყნდეს, თუმცა, მანამდე სააგენტოს ვებგვერდზე რამდენიმე მონაკვეთი გავრცელდა, რომელშიც რევიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და ასევე, ქართველი ფეხბურთელების რუსეთის ჩემპიონატში შესაძლო გადასვლასაც ეხება.
რას ამბობს რევიშვილი:
საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა, ასე იყო საბჭოთა დროიდან. ბურთთან მუშაობა ძალიან გვიყვარს, ეს სისხლში გვაქვს. რუსეთში ახალგაზრდებს სერიოზული ყურადღება ექცევა, მაგრამ ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელები, როგორიც საქართველოში არიან, აქ იშვიათად გვხვდება. საქართველოში თითო აკადემიაში ორი-სამი ძალიან ნიჭიერი ბიჭია. რუსეთში ეს უფრო რთულია, მაგრამ ცსკა-ს, „სპარტაკსა“ და „ლოკომოტივს“ საკმაოდ კარგი სკოლები აქვთ.
რუსეთის პრემიერ ლიგაში ბევრი ფულია. ახალგაზრდა ფეხბურთელმა წასასვლელად რაღაც გრანდიოზული შეთავაზება უნდა მიიღოს, ჩვენს ჩემპიონატში კი ამ რაოდენობის ფული არ არის. ქართველები უფრო ნიჭიერები ვართ, მაგრამ რუსებს მეტი დისციპლინა აქვთ და გუნდურად თამაშობენ. ჩვენთან კი ბავშვობიდან ახალგაზრდები იძულებულები არიან თამაში საკუთარ თავზე აიღონ.
რაც შეეხება ქართველებს რუსეთის ჩემპიონატში, ვერ ვხედავ სიტუაციას, რის გამოც ქართველი ფეხბურთელები რუსეთში წასვლას შეწყვეტენ. ეს არანაირად არ იმოქმედებს რეპუტაციაზე. ერთადერთი პრობლემა სანქციებია. მათთვის, რუსეთიდან ევროპაში გადასვლა შესაძლოა გართულდეს. ეს ერთადერთია, რაც მაწუხებს.
შეგახსენებთ, რომ ნუკრი რევიშვილი პროფესიონალური კარიერის დროს რუსეთის პრემიერ ლიგის 5 კლუბში თამაშობდა. სხვადასხვა წლების განმავლობაში ქართველი მეკარე ყაზანის „რუბინის“, მაჰაჩყალას „ანჟის“, „კრასნოდარის“, „ტოსნოს“ და „მორდოვიას“ ღირსებას იცავდა. ცნობისთვის, რევიშვილი ახლა ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის თანაშემწეცაა.