საქართველოს ნაკრებმა უახლოესი თამაშებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა უახლოესი თამაშებისთვის მზადება დაიწყო. ვილი სანიოლმა გუნდი დღეს პირველად არასრული შემადგენლობით ავარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ლორია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, ივა გელაშვილი, ლევან შენგელია და გიორგი მიქაუტაძე საწვრთნელ პროცესს 14 ნოემბერს შეუერთდებიან. ტრავმის გამო, შეკრებას გიორგი სიგუა გამოტოვებს.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩებს ჩვენი გუნდი 16 ნოემბერს, თბილისში, შოტლანდიის წინააღმდეგ და 19 ნოემბერს, ვალიადოლიდში, ესპანეთის წინააღმდეგ გამარტავს. მოახლოებული მატჩებისთვის მზადების შესახებ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ და ეროვნულ გუნდში ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ოთარ კაკაბაძემ ისაუბრეს.
გურამ კაშია:
ნაკრებში ჩამოსვლა ყოველთვის სასიამოვნოა. ჯერ სრული შემადგენლობით არ ვართ შეკრებილები, თუმცა ხვალ ყველა ფეხბურთელი შემოგვიერთდება. მიუხედავად მოკლე დროისა, ვეცდებით მაქსიმალურად მოვემზადოთ ამ ორი რთული თამაშისთვის. განწყობისთვის გვჭირდება, რომ ძალიან კარგად ჩავატაროთ ეს მატჩები. რთული იქნება, თუმცა ვთვლი, რომ წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია. იმედი მაქვს, ეს შეკრება კარგად ჩაივლის
ოთარ კაკაბაძე:
ბედნიერი ვარ დაბრუნებით. ტრავმის გამო სამი თვე გამიცდა და ახლა ძალიან მოტივირებული ვარ. ორი მნიშვნელოვანი თამაში გველის. რა თქმა უნდა, სატურნირო თვალსაზრისით, ეს ბევრს არაფერს შეცვლის, თუმცა მნიშვნელოვანი მატჩებია, რადგან ეს ბოლო შეკრებაა მარტის პლეი-ოფამდე.