„ვერ ვიგებ, რატომ დატოვა კვარა სკამზე“ - მოჯი რუდი გარსიაზე
ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა მენეჯერმა, ლუჩანო მოჯიმ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუს დროს „ნაპოლისა“ და რუდი გარსიას შესახებ ისაუბრა.
რა თქვა მოჯიმ:
გარსია დასუსტებული და დემოტივირებული მომეჩვენა. წარმოუდგენელია, როდესაც ოსიმენი არ გყავს და კვარაცხელიასაც სკამზე ტოვებ. როდესაც ქართველი მოედანზეა, ფეხბურთელებიც უფრო მშვიდად არიან და კარგად თამაშობენ. ალბათ, ეგონა, რომ მარტივი მატჩი იქნებოდა, მაგრამ „ემპოლი“ მოედანზე ყოველთვის ბევრს იბრძვის და „ნაპოლის“ სწორედ ამის გამო გაუჭიდა. ამ პირობებში, გარსიას დატოვება შეუძლებელი და წარმოუდგენელია.
ტუდორის კანდიდატურა? ამ დროისთვის, „ნაპოლისთვის“ მასზე უკეთესი კანდიდატურა არ არსებობს. თუმცა, მთავარ მწვრთნელზე მეტად, გუნდს ახალი გენერალური მენეჯერის პოვნა სჭირდება, რომელსაც ეცოდინება, როგორ დატოვოს დე ლაურენტისი განზე, როგორც ამას სპალეტი და ჯუნტოლი აკეთებდნენ. გასულ სეზონში, პრეზიდენტი მათთან ახლოს არ ყოფილა და შიდა სამზარეულოში არ ერეოდა, რითაც გუნდმა იტალიის ჩემპიონობა იზეიმა. დე ლაურენტისთან თანაცხოვრება მარტივი არ არის და კარგად მესმის ჯუნტოლის და სპალეტის, თუ რატომ სურდათ გუნდიდან წასვლა.
შეგახსენებთ, რომ „ემპოლისთან“ 0:1 მარცხის შემდეგ, იტალიური მედია აქტიურად წერს, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა რუდი გარსიას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, მის შემცვლელად კი ხორვატ სპეციალისტს, იგორ ტუდორს მოიაზრებს.