თუ დეტალებზე შეთანხმდებიან - ტუდორი ნაპოლის უკვე ოთხშაბათს ავარჯიშებს
როგორც მოგეხსენებათ, რუდი გარსიას დღეები ნეაპოლში დათვლილია. „ემპოლისთან“ წაგების შემდეგ, ფრანგ სპეციალისტს გუნდიდან აბარგებას უწინასწარმეტყველებენ.
იტალიურ მედიაში ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურამაც გაიჟღერა. საუბარი იგორ ტუდორზეა. პრობლემას ის ქმნის, რომ აურელიო დე ლაურენტისს დროებითი მწვრთნელი სურს, რომელიც „ნაპოლის“ სეზონის ბოლომდე გაუძღვება, ხოლო თავად ტუდორი 2-წლიან კონტრაქტზეა თანახმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, აურელიო დე ლაურენტისი და ტუდორის აგენტი ერთმანეთს ხვდებიან. ამ ინფორმაციას CalcioNapoli ავრცელებს.
წყაროს ცნობით, თუ მხარეები დეტალებზე შეთანხმდებიან, იგორი სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონს ხვალ ჩაიბარებს და უკვე ოთხშაბათს პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ აურელიო დე ლაურენტისის პრიორიტეტი ანტონიო კონტეს დანიშვნა იყო, თუმცა იტალიელმა მწვრთნელმა პრეზიდენტს უარი განუცხადა.
ცნობისთვის, „ემპოლისთან“ წაგების შემდეგ, „ნაპოლი“ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 21 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება. „პარტენოპეის“ სანაკრებო პაუზის შემდეგ, საკმაოდ მძიმე კალენდარი აქვს. ნეაპოლელები მიყოლებით „ატალანტას“, „რეალის“, „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ითამაშებენ.