სანდრო ალთუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ვილი სანიოლი, საბა ლობჟანიძე, ალექსანდრე იაშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ლობჟანიძე ჩემს გეგმებშია, კიტეიშვილის ტრავმა საფრთხილოა - სანიოლის პრესკონფერენცია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა "მიხეილ მესხის" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მედიასთან ისაუბრა. საქართველოს ეროვნული ნაკრები შეკრებას იწყებს, წინ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შოტლანდიასთან და ესპანეთთან მატჩებია.

ვილი სანიოლი: „წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებია, მარტის ფლეი-ოფის წინ მხოლოდ ეს მატჩები დარჩა. ფეხბურთელებს კარგი შესაძლებლობა ექნებათ იმისთვის, რომ თავიანთი შესაძლებლობები აჩვენონ.

კიტეიშვილს აქილევსის მყესთან დაკავშირებით პრობლემა აქვს. ამგვარი ტრავმა სიფრთხილეს საჭიროებს. სჯობს, სრულად გამოჯანმრთელდეს. „შტურმში“ მაღალი დონის ექიმები არიან. დარწმუნებული ვარ, კარგად უმკურნალებენ. იდეალურ შემთხვევაში კიტეიშვილი რამდენიმე კვირაში დაბრუნდება, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით.

ლობჟანიძემ გასულ ღამეს ითამაშა. საბა უშუალოდ შოტლანდიასთან თამაშის წინ შემოგვიერთდებოდა, არ იქნებოდა კარგ ფიზიკურ კონდიციაში. საბა მხოლოდ ამ მიზეზის გამო არ გამოვიძახე.ყოველთვის ჩემს გეგმებში იქნება.

მიმდინარე წელს ბევრი ახალგაზრდა გამოვიძახეთ, მათ ეს დაიმსახურეს. საბა საზონოვი და ლუკა გაგნიძე საკლუბო დონეზე თითქმის არ თამაშობენ. ამჯერად, სწორედ ამიტომ არ გამოვიძახეთ. მათთვის საკლუბო დონეზე ოფიციალური მატჩების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება წიტაიშვილს, მის პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენციაა. მან იცის რაზე უნდა იმუშავოს, რომ მოლოდინი გაამართლოს.

ქართველი ფეხბურთელების საკლუბო მწვრთნელებთან კონტაქტი მაქვს, თუმცა ხშირად მწვრთნელებს განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. მიქაუტაძე ძალიან კარგად თამაშობს, ოქტომბერში მაღალ დონეზე ითამაშა. იცით, კლუბში რთული სიტუაცია აქვს. ანალოგიურადაა ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით, რომელსაც დიდი სათამაშო დრო არ აქვს.

მიმდინარე წელს პრობლემები ბევრ პოზიციაზე იყო, ეს არ ეხება მხოლოდ საყრდენ ზონას. კვიპროსთან მატჩში მეორე ტაიმში კარგი ბალანსი იყო ქოჩორაშვილს, კიტეიშვილსა და ჩაკვეტაძეს შორის. რაც შეეხება ალთუნაშვილს, მან ტაილანდთთან ძალიან კარგად ითამაშა. ის ფაქტი, რომ გამოვიძახე ეს ნიშნავს რომ მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. ალთუნაშვილს სამომავლოდაც მოვიაზრებ. ვინ გამოვა მოედანზე, ეს ჩემი გადასაწყვეტია და ამას ვნახავთ.

საბა საზონოვი იქნება თუ არა საქართველოს ნაკრების მომავალი, ეს მასზეა დამოკიდებული. მან უნდა ითამაშოს მაღალ დონეზე. შოტლანდიასთან და ესპანეთთან კარგად მომზადებული ფეხბურთელების ყოლაა საჭირო. იმედი მაქვს, საბა მეტს ითამაშებს „ტორინოში“ და შემდეგ გამოჩნდება, თუ რა როლს შეასრულებს ნაკრებში.

საბა საზონოვისთვის ფიზიკური, მორალური თუ სხვა კუთხით სათამაშო პრაქტიკა აუცილებელია. ის ახალგაზრდულ ნაკრებში ბევრად უფრო სასარგებლო იქნება. სჯობს, ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშოს ვიდრე ეროვნულ ნაკრებში სათადარიგოთა სკამზე იჯდეს.

შესაძლოა, არასწორად მოვიქეცი, როცა ვთქვი რომ სიგუა ტაილანდთთან სასტარტოში ითამაშებდა. ჩაფიქრებული მქონდა, რომ ის გარკვეულ დროს გაატარებდა მოედანზე. ტაქტიკური ვარჯიში იყო და მისი მიდგომით კმაყოფილი არ ვიყავი და ამიტომ არ დავაყენე სასტარტოში. ის განსხვავებული პროფილის ნახევარმცველია და თუ საკლუბო დონეზე წინსვლას გააგრძელებს, ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდება''.

ალექსანდრე იაშვილი: „ფეხბურთელების გამოძახებაზე მხოლოდ მწვრთნელია პასუხისმგებელი. ის წყვეტს, თუ რომელ მოთამაშეებს მიიწვევს. არ ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვის დასმა სწორი იყოს. წარმოუდგენელია, რომელიმე ნორმალურ ქვეყანაში ასე არ იყოს და ფეხბურთელებს მწვრთნელი არ იძახებდეს. არ ვფიქრობ, რომ ამ კითხვის დასმა სწორია.

საბა საზონოვი ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ სათამაშო პრაქტიკა აუცილებელია''.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველო შოტლანდიას მიიღებს (16 ნოემბერი), დასკვნით ტურში ესპანეთს ესტუმრება (19 ნოემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები