დე ლაურენტისის გეგმები | ტუდორს დროებითი მწვრთნელობა შესთავაზა
იტალიური პრესის მთავარი სასაუბრო თემა „ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის გეგმებია. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია პოსტს დატოვებს და „პარტენოპეის“ პირველი პირი მის შემცვლელს ეძებს.
Il Mattino-ს ინფორმაციით, დე ლაურენტისი ანტონიო კონტეს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა, მაგრამ მისგან თავაზიანი უარი მიიღო. ამ მომენტისთვის, მისი ნომერ პირველი სამიზნე იგორ ტუდორია და „მარსელის“ ყოფილ თავკაცს წინადადებით მიმართა.
დე ლაურენტისს დროებითი მთავარი მწვრთნელის პოვნა სურს, რომელიც გუნდს სეზონის ბოლომდე გაუძღვება. Il Mattino-ს ცნობით, ტუდორმა 2-წლიანი ხელშეკრულება და ანაზღაურების სახით 2.5 მილიონი ევრო მოითხოვა. მთავარი პრობლემა სწორედ კონტრაქტის ხანგრძლივობაა. ტუდორი დროებით თავკაცობაზე ყოყმანობს და თუ ეს საკითხი გადაიჭრა, ოფიციალურ განცხადებას უნდა ველოდოთ.
Corriere dello Sport-ის ცნობით, ტუდორის გარდა, სხვა ვარიანტებიც განიხილება, მაგრამ „ნაპოლის“ ხელმძღვანელთა ყურადღების ცენტრში ხორვატი სპეციალისტია მოქცეული. გარსიას რაც შეეხება, დიდი ალბათობით, ნეაპოლური კლუბი მის გაშვებას ოფიციალურად დღეს დაადასტურებს.